“მოსკოვმა 2023 წელი თაღლითობით დაიწყო, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოცხადებული “საშობაო ზავი” მორიგი ტყუილი აღმოჩნდა, უკრაინა ისევ დაიბომბა. შეგახსენებთ, რომ შობის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. უკრაინის ხელისუფლებამ პუტინს უნდობლობა გამოუცხადა და საკუთარ ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდა: “მივმართავ ჩვენს ხალხს, მკვლელი პუტინის გამოცხადებული “საშობაო ზავი” მორიგი ხაფანგია. გთხოვთ, ეკლესიებში, საშობაო წირვაზე დასწრებისგან თავი შეიკავოთ. რუსებმა შესაძლოა ტერაქტები დაგეგმონ”, - განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ. მართლაც, 6 იანვარს საჰაერო განგაში მთელს უკრაინაში გამოცხადდა...” - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რუსეთი საბოლოო, დიდი შეტევისთვის ემზადება.
“ბავშვები ისევ ბომბების ცივ თავშესაფრებში არიან. ხერსონში სახანძრო სადგური დაიბომბა. ეს არის “რუსული ზავის” არსი: კლავს ზურგში, იმიტირებს. ეს ყოველთვის პრიმიტიული და ცინიკური ტყუილია~, - ამ განცხადებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსების მორიგ დარღვეულ ზავს. “უკრაინელებს ქრისტიანული გულმოწყალების ხელი გაუწოდეს დიდ დღესასწაულზე, მათმა ლიდერებმა კი ის უარყვეს... ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა. მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალა და პატრონებისგან სათქვლეფს მოითხოვენ. წვრთნა ეფუძნება ამას და ამას განაგრძობენ დასავლელი მეღორეები... სპეცოპერაციაში მონაწილე რუსი სამხედროების უმეტესობამ მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც გაიგო მთავარი უკრაინელი ჯამბაზების უარი შობის დღეს ცეცხლის შეწყვეტაზე”, - ასე იმართლა თავი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა, “საშობაო ზავის” დარღვევის გამო. როგორ შეიძლება განვითარდეს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება 2023 წელს, როგორ აისახება ახალი რეალობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზე, ამ საკითხებზე პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საშობაო ზავის~ დარღვევა ტიპური რუსული ხასიათის გამოვლინებაა, რუსული პოლიტიკაც ხომ შეთანხმებების დარღვევაზე, საკუთარი მოსახლეობისა თუ დასავლური საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ელიტის მოტყუებაზეა დაფუძნებული. ქართველებს არაერთხელ გვაქვს ეს ნაწვნევი: 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულება ერთადერთი არ არის, რომელიც რუსეთმა დაარღვია. 1992-1993 წლებში საქართველომ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასარეგულირებლად ორი სამშვიდობო ხელშეკრულება დადო: მოსკოვისა და სოჭის. ამ ორიდან ჩვენთვის საბედისწერო ბოლო, 1993 წლის 27 ივლისს გაფორმებული სოჭის ხელშეკრულება გამოდგა. შეთანხმებით დაიმედებული ქართველები შინ დაბრუნდნენ და მერე, რაც მოხდა, ყველამ იცის. ახლაც პუტინის განცხადებას ცეცხლის 36-საათიან შეწყვეტაზე მკვეთრად გამოხატული მიზანი ჰქონდა - დასავლელი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის განწყობის შემოწმება. პუტინის ინიციატივა დადებითად რომ შეეფასებინათ, ის ოდნავ დასწევდა ტემპერატურას ფრონტის ხაზზე, ზავის გაგრძელების სიკეთეზე დაიწყებდა ლაპარაკს და ამასობაში აუცილებლად დაიწყებდა დამატებითი ძალების მობილიზებას, შემდეგ კი გაორმაგებული ძალით გააგრძელებდა შეტევას. როდესაც დაინახა, მის ანკესს არც დასავლეთი წამოეგო და არც უკრაინა, ჩვეულად გააგრძელა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილი.
“ფრონტის ხაზზე დღევანდელი რეალობა დიდ გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესზე არა მარტო უკრაინაში, არამედ მთლიან პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპაში. ახლა რუსეთი საბოლოო, დიდი შეტევისთვის ემზადება. პუტინს უკვე ფარულად აქვს დაწყებული და მალე გამოაცხადებს კიდეც მობილიზაციას. 300 000 ჯარისკაცი საკმარისი არ აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე სიტუაციის რუსეთის სასარგებლოდ შესაცვლელად. მეორე სამობილიზაციო ტალღის მოსამზადებლად ორი-სამი თვე მაინც არის საჭირო. პუტინის გათვლით, მეორე მობილიზაციის შედეგად უკრაინა უნდა დამარცხდეს თუნდაც დონბასსა და ლუგანსკში. ამიტომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის სამხედრო დახმარება. ისევ გრძელდება უკრაინის შეიარაღება და ამ ტემპით გაგრძელება აისახება კიდეც ომის სურათზე, ეს კი, თავის მხრივ, სერიოზულ გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესზე, ასევე კრემლისა და პუტინის რეჟიმის შესუსტებაზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მცდარია მოსაზრება, რომ ახლა მოსკოვს საქართველოსთვის არ სცალია. რუსეთში ჩვენთვის ყოველთვის სცალიათ, იმიტომ, რომ იოლად გადასაყლაპი ლუკმა ვართ. შესაბამისად, რუსეთმა ყველა ფრონტზე, ყველა მიმართულებით რომ წააგოს, იოლად შეუძლია ჩვენზე იყაროს ჯავრი. თუ რუსეთი დამარცხდა უკრაინაში, მაგრამ პუტინმა შეინარჩუნა ძალაუფლება, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე ასჯერ გაიზრდება, პუტინს მარცხის კომპენსაცია დასჭირდება და გამოიხედება როგორც ცენტრალური აზიისკენ, ასევე სამხრეთით. სამხრეთით იმიტომ, რომ მისი პოზიცია საქართველოშიც და სომხეთშიც შერყეულია, გასათვალისწინებელია ყარაბაღში არსებული ვითარებაც. რუსეთი შეეცდება ირანის დახმარებით რეგიონში გავლენის დაბრუნებას, მაგრამ ამას საქართველოზე მყარი კონტროლის დამყარების გარეშე ვერ მოახერხებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთანაც გავირთულეთ ურთიერთობა და არც თავდაცვის გაძლიერებაზე ვიზრუნეთ, ადვილი წარმოსადგენია, რა სწრაფად მოახერხებს რუსეთი თავისი გავლენის გაძლიერებას საქართველოში”, - მიიჩნევს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
“ერთადერთ იმედს სწორედ ის მაძლევს, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერება არც თურქეთსა და არც აზერბაიჯანს არ აძლევს ხელს. სხვათა შორის, ბოლო დროს რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ რუსეთში აზერბაიჯანზე თავდასხმის მოწოდებებიც კი გაისმის. იმედია, თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოში “რუსულ ჩექმას” არ შემოუშვებენ. დღევანდელი რუსეთი მაგონებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიას, როდესაც ის დასავლეთის ფრონტზე გაიჭედა და საბოლოოდ ბელგიაში დამარცხდა დასავლურ კოალიციასთან. ბერლინს მოუწია დამარცხების აღიარებამ, რეპარაციების გადახდამ, კაპიტულაციამ... მაშინდელი გერმანიის ხელისუფლებას ხალხი ომში მხარს უჭერდა, მაგრამ ქვეყანას აღარ ჰქონდა სამხედრო რესურსი. დაახლოებით ასეთი ვითარებაა ახლა რუსეთში. მოსკოვმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გააჩაღა ომი, სამხედრო რესურსი ეწურება, მაგრამ მოსახლეობა მაინც მხარს უჭერს თავის ლიდერს, მხოლოდ მცირე ნაწილი გაურბის ომს. პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის მარცხს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება მოჰყვა - შეიცვალა კაიზერის რეჟიმი და მოვიდა ვაიმარის ხელისუფლება”, - განმარტავს ლაშა ძებისაშვილი.
“ანალოგიური ვითარება იყო პირველი მსოფლიო ომის შემდგომ რუსეთშიც - დასავლეთის ფრონტზე მარცხის შემდეგ ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ და დაიწყეს “დიადი რუსეთის” აღორძინება, ისევე როგორც კაიზერის მარცხის შემდეგ გერმანიაში მოვიდა რევანშისტული ძალა ფაშისტური, ნეონაცისტური იდეებით. იგივე ტენდენციაა რუსეთშიც. არა მგონია, პუტინი უფრო ლიბერალურმა, დემოკრატიულმა ძალამ შეცვალოს. დარწმუნებული ვარ, უფრო ფაშისტური, გასამხედროებული და რევანშისტული ძალა მოვა, რომელიც, ადრე თუ გვიან, დაიწყებს იმ მიზნის მისაღწევად ბრძოლას, რომელსაც პუტინმა ვერ მიაღწია”, - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თუ არსებობს სცენარი, რომელიც, ასე თუ ისე, ხელსაყრელია ჩვენთვის?” - პასუხობს:
“ჩვენთვის ხელსაყრელია რუსეთში შიდა კოლაფსი - რეჟიმმა უნდა დაიწყოს ბრძოლა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ამას მოჰყვეს შიდა ძალების დაპირისპირება. აი, ასეთ დროს რუსეთი ვერ მოიცლის ჩვენთვის. ამ პერიოდში უნდა მოვახერხოთ ურთიერთობების გამყარება დასავლეთთან და თავდაცვის გაძლიერება”