ბახმუტში სიტუაცია განსაკუთრებით გართულებულია, ბრძოლა სოლედარისთვის გრძელდება, უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ აღმოსავლეთში რუსები განსაკუთრებით უტევენ და ვითარება ყურადსაღებია. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რუსებს ძალები ჰყავთ მობილიზებული და მომდევნო ორი კვირა კრიტიკული იქნება, შემდეგ კი მათი თქმით, დაიღლებიან და გაჩერდებიან, როგორც მანამდე არაერთხელ გაუკეთებიათ.
ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთი განსაკუთრებით ბახმუტს უტევს, ორი დღის წინ რუსულმა პროპაგანდისტულმა სააგენტოებმა ისიც კი დაწერეს, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადი დაქირავებული „ვაგნერის" ჯგუფმა, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის ხაზები გაარღვია, რასაც ოფიციალური კიევი არ ადასტურებს. უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად რუსეთის ძალადობრივი თავდასხმებისა, ქალაქს მაინც აკონტროლებენ.
ორშაბათს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით რთული ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაშია. უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ტელეგრამზე" დაწერა, რომ „ამჟამად დიდი სირთულე სოლედარშია".
„აღმოსავლეთში სიტუაცია გართულებულია. დონეცკის რეგიონის ზოგიერთ რაიონში თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, ზოგიერთ რაიონში კი მტერი მიიწევს წინ. ეს ეხაბა არა მხოლოდ რეგულარულ არმიას, არამედ კერძო დაქირავებული მებრძოლებიც", - თქვა მალიარმა.
როგორც ანა მალიარმა აღნიშნა, ოკუპანტებმა დონეცკის რაიონში დიდი ძალების კონცენტრაცია განახორციელეს, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასასვლელად, რომელთა მიზანია, რომ სულ მცირე დასახლებული პუნქტები ხელში მაინც ჩაიგდონ. მისივე თქმით, დღეს უკრაინის არმიის დიდი ნაწილი მობილიზებულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით; ასევე ცდილობენ, კუპიანსკისკენ სიტუაცია გააუმჯობესონ, მათი თქმით, უკრაინელი მეომრები კი, „დამპყრობლებს შესაფერის პასუხს აძლევენ".
ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაცია ყურადღებას ამახვილებს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების აღებაზე, მაგრამ წარმატება არ აქვს. უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მოწინააღმდეგის საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საშიშროება ისევ რჩება. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ბოლო ერთ დღეში რუსული ჯარების კონცენტრაციის ორი ზონა დაბომბეს.
მანამდე აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა, რომ რუსები ქალაქს არ აკონტროლებდნენ და უკრაინას ამ შეტაკებებში დიდი დანაკარგები არ აქვს. პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის თქმით კი, მტერი „ცდილობს სოლედარი ბახმუტს მოჰკვეთოს".
წლის პირველ კვირაში ფრონტზე ვითარება არსებითად არ შეცვლილა. მძიმე ბრძოლები გრძელდება ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ბახმუტი, მიუხედავად ყველაფრისა, წინააღმდეგობა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის უმეტესი ნაწილი განადგურებულია რუსული დარტყმებით, ჩვენი მეომრები იგერიებენ იქ რუსული შეტევის მუდმივ მცდელობებს. სოლედარი დგას, მიუხედავად იმისა, რომ იქ კიდევ უფრო მეტი ნგრევა და ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ადგილი ფრონტის ხაზზე",- ამბობს ზელენსკი.
თავის მხრივ ცნობებს ავრცელებს რუსული მედიაც, წერენ, რომ რუსულმა ძალებმა სოლედარის სამხრეთით მდებარე სოფელი ბახმუტსკოე აიღეს, როგორც მედია წერს, სოფელში ჯერ კიდევ 2001 წლის მდგომარეობით ათას ადამიანზე ნაკლები ცხოვრობდა.
„2023 წლის 9 იანვრის მდგომარეობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ბახმუტსკოე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე", - წერს ოკუპირებული დონეცკის ე.წ.ტერიორიული თავდაცვის შტაბი „ტელეგრამზე".
რუსული მედიაც წერს, რომ ბახმუტი სოლედარის მიდამოებში სასტიკი და სისხლიანი ბრძოლები მიდის.
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი პროგნოზით შემდეგი ორი კვირა განსაკუთრეებით რთული იქნება ფრონტის ამ მიმართულებაზე, შემდეგ კი რუსები გაჩერდებიან.
„როგორც ჩანს რუსები საშობაო ზავისთვის კარგად ემზადებოდნენ, რომ უკრაინელები გაჩერებულიყვნენ და სოლედარისთვის საკმაო ძალებით შეეტიათ. ჩემი ვარაუდით, შემდეგი ორი კვირა ალბათ რთული იქნება, მერე უკვე რუსებს ძალა გამოელევათ, დაიღლებიან და გაჩერდებიან.
„სოლედარზე სხვადასხვანაირი ინფორმაციები ვრცელდება და ზუსტი ინფორმაცია არც მე არ მაქვს, მაგრამ რაღაც დონეზე ქალაქში ბრძოლები მიდის, ნახევარზე არიან რუსები შესულები თუ 25%-ზე ვერ გეტყვით",- აცხადებს პოლკოვნიკი.
სოლედარი მარილის საბადოებითაა ცნობილი, მიწისქვეშ კი მაღაროებია, რომლებსაც უკრაინელები აკონტროლებენ, სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა ბრძოლები ზუსტად ისე გაგრძელდეს, როგორც მარიუპოლში იყო. ლაშა ბერიძემ ამის შესახებაც ისაუბრა:
„აბსოლუტური სისულელეა სოლედარის მარიუპოლთან შედარება, მარიუპოლი ნახევარი მილიონიანი ქალაქი სოლედარი კი ერთი დიდი სოფელივითაა, არანაირი მარიუპოლის მსგავსი სცენარი არ მოხდება, არც სოლედარს და არც ბახმუტს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს, ეს მორიგი ქალაქებია",-განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".