ნიგერიის სამხრეთში, ედოს შტატში ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა რკინიგზის სადგურიდან 32 ადამიანი გაიტაცეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას შტატის გუბერნატორის ოფისი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა შტატის დედაქალაქ ბენინ სიტიდან 111 კილომეტრში მოხდა. რამდენიმე ადამიანი თავდასხმის შედეგად დაიჭრა.
„ამ დროისთვის პოლიცია და სამხედროები ინტენსიურ სამძებრო სამუშაოს აწარმოებენ, რათა გატაცებული პირები აღმოაჩინონ და გაათავისუფლონ. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა გატაცებული ადამიანი უახლოეს საათებში გათავისუფლდება“, - განაცხადა შტატის წარმომადგენელმა, კრის ოსა ნეჰიხარემ.