დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას.
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა განიხილეს.
სატელეფონო საუბარში რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უახლოეს კვირებსა და თვეებში უკრაინის აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად.
„პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გაერთიანებული სამეფოს იმედი ჰქონდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება“, - აღნიშნეს ბრიტანეთის პრემიერის ოფისში.