პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გუშინ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ადამიანები შეიკრიბნენ და არ შეიძლება საუბარი, თითქოს მათ საპროტესტო აქციას ვიღაც აორგანიზებს.
ვოლსკის თქმით, პრეზიდენტის პასუხი ორაზროვანი იყო და აქციასთან დაკავშირებით თავშეუკავებელი კომენტარები გაკეთდა.
„გუშინ ვინც შეიკრიბა, ეს ხალხი არის დაზარალებული და ოჯახის წევრები სასტიკად ნაწამები ან მოკვდინებული ჰყავთ. ასევე, მათ წაართვეს ქონება და ღირსება. არ შეიძლება ამ ადამიანებთან ისე საუბარი, რომ მათ საპროტესტო აქციას ვიღაც უკეთებს ორგანიზებას. ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ, როცა მთავარი დამნაშავის გამოშვების, შეწყალების საშიშროება დგას, ადამიანთა ნაწილი შეიკრიბოს. ვფიქრობ, უფრო კაპასი პასუხები იყო, თავშეუკავებელი კომენტარები, რომლის უკან შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იდგეს, რაც უპირისპირდება როგორც კონკრეტული ადამიანების ინტერესებს, ემოციას, ასევე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. მისი პასუხი აბსოლუტურად ორაზროვანი იყო. არ ველოდები და ვერც წარმომიდგენია, რომ ისეთ შეცდომას დაუშვებს, როცა იქნება რეალიზებული გარკვეული თაღლითური პიარკამპანიის თაღლითური სქემა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო კრიმინალი“ გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები.
„ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა ვიდექი ქუჩაში?“ - ასე მიმართა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის მონაწილეებს.