თბილისის მერის ანგარიშის წარდგენა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო

თბილისის მერის ანგარიშის წარდგენა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო

თბილისის საკრებულოში კახა კალაძის ყოველწლიური ანგარიში წუთიერი დუმილით დაიწყო. სხდომის მონაწილეებმა პატივი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიაგეს.

„თბილისს წელს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, მაგრამ გამარჯვებებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყო ბევრი პრობლემა და სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია, რამაც ეს ყველაფერი გააუფერულა, როგორც პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის და როგორც რიგითი ადამიანისთვის, ასევე ჩემი თანამშრომლებისთვის. ყველა სიძნელე და სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ყოველი თქვენგანისთვის, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, არის დაუძლეველი ტკივილი. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშეც გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს აღარ განმეორდეს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!“, - განაცხადა მერმა.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.