უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინა ყირიმს კომბინირებული გზით - დიპლომატიით და ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. ამის შესახებ მან LIGA.net-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ყირიმის დაბრუნება კომბინირებული გზით მოხდება: დიპლომატიით და ძალის გამოყენებით. ძალის გამოყენების გარეშე არაფერი მოხდება. ჩვენი ქვედანაყოფები იქ იარაღით შევლენ“, - განაცხადა ბუდანოვმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომლის თანახმადაც, დასავლეთში ძალიან ბევრი ანალიტიკოსისთვის ყირიმი „წითელ ხაზს“ წარმოადგენს, ბუდანოვმა განაცხადა, რომ მას „არ აინტერესებს იმ ადამიანების აზრი, რომლებიც უკრაინელი ხალხის პოზიციას არ ასახავენ“.
„მე საპირისპირო აზრი მაქვს. ჩვენ ყველა დაკარგულ ტერიტორიას დავიბრუნებთ. უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც აღიარებულია 1991 წლის საზღვრებში. ვინც ამას არ ეთანხმება, ის არ ეთანხმება მსოფლიო წესრიგს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.