კონგრესმა შესაძლოა დონალდ ტრამპს 2024 წლის არჩევნებზე კენჭისყრა აუკრძალოს. ასეთ რეკომენდაციას შეიცავს მოხსენება, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა კაპიტოლიუმზე შტურმის გამოძიების დასრულების შემდეგ წარმოადგინა.
„ვინც დადო ფიცი, რომ კონსტიტუციას დაიცავდა, 6 იანვარს კი აჯანყებაში მონაწილეობდა, შესაბამისი წესით უნდა იყოს დისკვალიფიცირებული და აეკრძალოს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება“, - აღნიშნულია მოხსენებაში.
კომიტეტის 845-გვერდიან მოხსენებას არ აქვს სავალდებულო ძალა, თუმცა მან შეიძლება გაზარდოს ზეწოლა პროკურორებზე გადადგან შესაბამისი ნაბიჯი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტი, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს იძიებს, იუსტიციის დეპარტამენტს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაციით მიმართავს. კონგრესმენები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ტრამპს, ისევე როგორც მის ადვოკატ ჯონ ისტმენსა და კიდევ რამდენიმე სხვა პირს, ბრალი წაუყენონ ფედერალური სისხლის სამართლის ოთხი კანონის დარღვევისთვის.
2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.
დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.