ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი კახაბერ ყიფიანი დემენციის ფორმებს განმარტავს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული შეკითხვის პასუხად ყიფიანი ამბობს, რომ როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე ითქვა, სააკაშვილს დემენცია აქვს, თუმცა, შესაძლოა, საქმე გვქონდეს დემენციის არა კლასიკურ დიაგნოზთან, არამედ დემენციის კლინიკური სურათის კიდევ ერთ სახესთან, რომელსაც ფსევდო ანუ დემენციის იმიტაცია ეწოდება.
კახაბერ ყიფიანის თქმით, ეს დაავადება პაციენტებში თავს არაკომფორტულ ვითარებაში იჩენს.
„გამოითქვა აზრი, რომ აქ არის დემენცია, ანუ დემენცია ეს არის ჭკუასუსტობა. უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იქიდან, რომ დემენცია რომ ჩამოყალიბდეს, ანუ ადამიანს რომ განუვითარდეს ჭკუასუსტობა, თან საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, ამას სჭირდება გარკვეული სერიოზული მიზეზები. მაგრამ არსებობს, ვთქვათ ასე, დემენციის კლინიკური სურათის კიდევ ერთი სახე, თუ რა თქმა უნდა, ამაზეა საუბარი, რასაც ჰქვია ფსევდო დემენცია, ანუ დემენციის იმიტაცია. არაკომფორტულ სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანის ფსიქიკა რთავს დაცვით მექანიზმებს, რომ თავი დააღწიოს ამ სიტუაციას და ხდება ადაპტაციური დარღვევა. შექმნილ გარემოს, რომელიც მაქსიმალურად არაკომფორტულია ჩემთვის, ვერ ვეგუები და რადგანაც მე გარემოს შეცვლის პერსპექტივა ამ შემთხვევაში არ გამაჩნია, ფსიქიკა ავტონომიურად რთავს თავის დამცავ მექანიზმებს და აკეთებს იმ სურათის იმიტაციას, რაც მე სავარაუდოდ ამ მდგომარეობიდან გამომიყვანს. როგორც კი ფსიქომატრავმირებელი სიტუაცია მოსცილდება, ანუ, ჩემთვის შეიქმნება კომფორტული გარემო, ეს ყველაფერი დალაგდება და ეს ყველაფერი გაქრება“, - განმარტა კახაბერ ყიფიანმა.