ირაკლი კობახიძე „გორბის“ კვლევაზე: „ნაცმოძრაობა“ მთლიანადაა მორღვეული, შუაზეა გაყოფილი და პარტიაში ვადამდელი არჩევნები აქვთ, ამ ფონზე კი არავის უკვირს ის კლება, რაც განიცადეს

ირაკლი კობახიძე „გორბის“ კვლევაზე: „ნაცმოძრაობა“ მთლიანადაა მორღვეული, შუაზეა გაყოფილი და პარტიაში ვადამდელი არჩევნები აქვთ, ამ ფონზე კი არავის უკვირს ის კლება, რაც განიცადეს

ეს კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ არსებული 5%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალება დღეს არცერთ [მცირე] პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც პარტია მთლიანადაა მორღვეული, როდესაც შუაზეა გაყოფილი, როდესაც აქვთ ვადამდელი არჩევნები პარტიაში, ამ ფონზე არავის უკვირს ის კლება, რაც განიცადა „ნაცმოძრაობამ“ გასული ერთი წლის განმავლობაში. ეს ხმები, ბუნებრივია, გადანაწილდა მცირე პარტიებზე, თუმცა ეს კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ არსებული 5%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალება დღეს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. წინა შემთხვევაში იყო ერთადერთი პარტია „საქართველოსთვის“, რომელსაც ჰქონდა 5%-ზე მეტი, ამ შემთხვევაში ისინი არიან აუტსაიდერები და 1%-მდე არის ჩამოსული მათი რეიტინგი. მათი ლიდერის გამქრალია სატელევიზიო სივრციდან, მათი საპარლამენტო წარმომადგენლობა არის აბსოლუტურად უსუსური, არანაირი იმიჯი მათ არ აქვთ, აქედან გამომდინარე ის 1%-იც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია, რაც მათ აქვთ შემორჩენილი“, - აღნიშნავს კობახიძე.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.