უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც საბედნიეროდ ჩავარდა და ზელენსკისაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ვამბობდით, რომ ვინც ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად, მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც საბედნიეროდ ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“,- აღნიშნა კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. „გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში. სწორედ - ახლა არის ამ კეთილი ნაბიჯის გადადგმის დრო“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმა.