ფაქტობრივად, ამ პროცესმა მიიღო გადაბირების სახე - გადაიბირებს თუ არა ვიღაცას „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ თავისი კანდიდატი გაიყვანოს, რაც ჩვენ არ მოგვწონს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ბოლო შეხვედრაზეც კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულიყვნენ. ახლა სიტუაცია გვაქვს ასეთი: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კომპრომისს ვერ აღწევენ. „ოცნება“ ამბობს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობიდან“ და ოპოზიციიდან ზოგიერთები აპირებენ ამ 5 კანდიდატიდან ერთ-ერთის მხარდაჭერას, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით შეეცდებიან, მიიღონ ხმების საჭირო რაოდენობა და ამიტომ კონსენსუსი საჭირო არაა. ფაქტობრივად, ამ პროცესმა მიიღო გადაბირების სახე - ვიღაცას გადაიბირებს თუ არა „ოცნება“ იმისთვის, რომ თავისი კანდიდატი გაიყვანოს, რაც ჩვენ არ მოგვწონს. მიგვაჩნია, რომ ეს იმ ხალხისთვისაც არ იქნება კარგი, ვისაც ბოლოში გადაბირებულები დაერქმევა. ამიტომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დასხდნენ და შეთანხმდნენ რომელიმე კანდიდატზე“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.