მამუკა მდინარაძე უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდა. კომენტარი ამ თემაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ წინა პერიოდშიც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია. დღეს ამ სპეცოპერაციის ავტორებმა სპეცოპერაციის შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ხომ ფაქტებს ვიშველიებთ? მათ შორის, შემთხვევითი არ არის უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ ომის ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში და მიხეილ სააკაშვილი ამას გააკეთებდაო. დიახ, მათ აქვთ ამის მოლოდინი და სპეცოპერაციის დამგეგმავებმა უზრუნველყვეს ის, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს. შემთხვევით ასეთი რაღაცები არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს ყველა განცხადებას ამ კონტექსტში განვიხილავთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. „გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში. სწორედ - ახლა არის ამ კეთილი ნაბიჯის გადადგმის დრო“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმა.