მიხეილ სარჯველაძე ზელენსკის განცხადებაზე: ეს რომ იყოს ნორმალურ პირობებში მყოფი ქვეყნის პირველი პირის განცხადება, ბუნებრივია, გვექნებოდა პრეტენზია

მიხეილ სარჯველაძე ზელენსკის განცხადებაზე: ეს რომ იყოს ნორმალურ პირობებში მყოფი ქვეყნის პირველი პირის განცხადება, ბუნებრივია, გვექნებოდა პრეტენზია

მიხეილ სარჯველაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ნათელია, რომ კრიტიკული შეფასებები სააკაშვილის საპატიმრო უფლებებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

„ის სახელმწიფო არ არის იმ მდგომარეობაში, მის პირველ პირს შეიძლება მკაცრად მოვთხოვოთ, რომ ზუსტად იყოს ჩახედული ფაქტებში, გარემოებებში, ვითარებაში და, შესაბამისად, კრიტიკულები ვიყოთ მის მიერ გაკეთებული განცხადებების მიმართ. თავისთავად, ეს რომ იყოს ნორმალურ პირობებში მყოფი ქვეყნის პირველი პირის განცხადება, ბუნებრივია, გვექნებოდა პრეტენზია, იმიტომ რომ საკუთრივ შეფასებები არის ერთმნიშვნელოვნად მცდარი. მცდარი, იმიტომ რომ მცირეოდენი კრიტიკულობით რომ შევხედოთ სააკაშვილის ან მისი გარემოცვის წევრების განცხადებებს, ნათელი გახდება, რომ რეალურად არცერთ კრიტიკულ შეფასებას, რომელიც სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე გამოითქმის, უბრალოდ საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. „გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში. სწორედ - ახლა არის ამ კეთილი ნაბიჯის გადადგმის დრო“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმა.