GORBI არის ჩვეულებრივი მჩხიბავების დაწესებულება, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ხმები ემატება.
„GORBI არის ჩვეულებრივი მჩხიბავების დაწესებულება. ერთ, სამ ან ხუთპროცენტიანი ცდომილებაც გამიგია და 20%-იანი ცდომილება, რომელსაც GORBI აჩვენებს ხოლმე, ასეთი არსად სხვაგან, აფრიკის ქვეყნებშიც არ გამიგია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც IRI-ის კვლევებით არა თუ აკლდება, არამედ ემატება ხმები. ჩვენთან ერთად არის „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“. IRI ყველაზე მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი შემფასებელია. ჯამურად, ჩვენ სამ პარტიას გვაქვს ჯერ კიდევ სექტემბერში 7% პირველი არჩევანი, მეორე კი - 8%“,- განაცხადა ვაშაძემ.
GORBI-ს მიერ გამოკითხული რესპონდენტების 81% ამბობს, რომ ემხრობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.