მამუკა მდინარაძე წიქარიშვილის განცხადებაზე: რეალურად, გულწრფელი აღიარება ნამდვილად დასაფასებელია

მამუკა მდინარაძე წიქარიშვილის განცხადებაზე: რეალურად, გულწრფელი აღიარება ნამდვილად დასაფასებელია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესი მეორე ეტაპზე გადადის. ვიდრე პოლიტიკურ პარტიებში ხუთ კანდიდატზე კონსულტაციები დაიწყება, მანამდე გასაუბრების პროცესს მმართველ გუნდში აფასებენ. ოპონენტების კრიტიკას სასამართლო ხელისუფლების მისამართით მმართველი პარტია გასაუბრების პროცესით პასუხობს და ყურადღებას ამახვილებენ საბჭოს წევრობის ერთ- ერთი კანდიდატის კახა წიქარიშვილის გუშინდელ გამოსვლაზე.

„ძალიან ვაფასებთ კახა წიქარიშვილის ამ გულწრფელობას. ამ ადამიანმა თქვა, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი საუბრობს - რომ ნორმები არის ძალიან კარგი, უბრალოდ მათ პერსონების წინააღმდეგ სურთ კონკრეტული ღონისძიებების გატარება. ვიღაცების მოშორება უნდათ, ვინც მათ არ აწყობთ და ასე სუბიექტურად უდგებიან NGO- სექტორის წარმომადგენლები ამ საკითხს. რეალურად, გულწრფელი აღიარება ნამდვილად დასაფასებელია“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ჩვენ რომ სასამართლოში გვყავდეს წესიერი, დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები არანაირი პრობლემა არ იქნება დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო“, - ამის შესახებ კახა წიქარიშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. წიქარიშვილის განცხადებით, ის პრობლემას ვერ ხედავს დღეს არსებულ რეგულაციაში, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სამწუხარო ის არის, რომ სასამართლოში გვყავს ჯგუფი, რომელიც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას.