იმ ევროპისკენ, რომელიც მე მომწონს და ქართველ ხალხს უნდა, ინტეგრაციის გზა სამართლის უზენაესობაზე გადის. ადამიანი, რომელიც დანაშაულს სჩადის, სასჯელი უნდა მოიხადოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
იგი რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება და სტატუსს ვერ მიიღებს.
„ეს მართლაც რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებაა. ევროპისკენ გზა გადის ჩვენს ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტზე. იმ ევროპისკენ, რომელიც მე მომწონს და ქართველ ხალხს უნდა, ინტეგრაციის გზა გადის სამართლის უზენაესობაზე - ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩადის, უნდა მოიხადოს სასჯელი და თუკი ერთხელ გადაგვიგრიხეს ხელი, დამნაშავეები ციხიდან გამოგვაშვებინეს, მეორედ, მესამედ და მეოთხედ იმავეს ეცდებიან, უკვე ამის დამორჩილება, გაკეთება აღარ შეიძლება და ეს ნიშნავს, რომ ევროპა თავის თავს ღალატობს.
რაც შეეხება დროებით ამ პოლიტიკურ დღის წესრიგს, გარკვეული რაოდენობა ევროპარლამენტარებისა, ეს გადაივლის და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრები. უბრალოდ, ეს არ არის მოკლე გზა, ეს იქნება ხანგრძლივი გზა, ბევრი შრომა, ბევრი სწორად გადადგმული ნაბიჯები, თუნდც ისეთი ნაბიჯი, ეკონომიკური ინტეგრაციისა, როგორსაც გუშინ ბუქარესტში მოეწერა ხელი“, - განაცხადა სუბარმა.