უკრაინის პრემიერი: რუსეთის მიზანი უკრაინელების სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვებაა

უკრაინის პრემიერი: რუსეთის მიზანი უკრაინელების სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვებაა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინელების სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვებაა.

„მათ დასახეს მიზანი, უკრაინელები სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვონ. მსოფლიომ აუცილებლად უნდა უპასუხოს რუსეთის ამ ქმედებებს სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯებით“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.

დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რიგით მეცხრე ფართომასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმის ფარგლებში, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 76 რაკეტა გაუშვა. აქედან 60 რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კრივოი-როგში რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ელექტროენერგიის ცხრა ობიექტი დაზიანდა.