შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი ნავთს ასხამს პოლარიზაციის ცეცხლზე, სამწუხაროა, რომ ისინი გაიგივებულები არიან ევროპასთან

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი ნავთს ასხამს პოლარიზაციის ცეცხლზე, სამწუხაროა, რომ ისინი გაიგივებულები არიან ევროპასთან

ჩვენთვის, ეს პრობლემა არ არის, ეს პრობლემაა მათი ამომრჩევლისთვის, რადგან ეს იქნება მათი გაწბილება, რომ მათი ხმა არ იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - „თუ ოპოზიციის ნაწილი გავა პარლამენტიდან, რადგან ამაზე საუბარი უკვე დაიწყეს, თქვენთვის ეს პრობლემა იქნება?“.

„ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მანდატი მიუგდო საკუთარ ამომრჩეველს და შეურაცხყოფა მიაყენა ამით ამომრჩეველს, როდესაც ამით პასუხისმგებლობა მოიცილა, თითქოს ეს ისეთი რამ იყოს, რომელიც მას გვარიშვილობით ერგო.

რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას - სამუშაო ჯგუფების მუშაობის შექმნის მიზეზიც იყო, რომ ყოფილიყო სამუშაო ატმოსფერო, სადაც სხვადასხვა პარტიები დასხდებოდნენ და ერთად იმსჯელებდნენ ამა თუ იმ რეფორმაზე. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ სამუშაო ჯგუფებში, ვხედავთ მათთან არის კონსტრუქციული, პოლიტიკური, კრიტიკული დისკუსია, მაგრამ არა - რადიკალური. ის პარტიები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ სამუშაო ჯგუფებში, ვხედავთ მათ რადიკალიზაციას. ეს არის მთავარი, როცა კითხულობენ რა არის გზა დეპოლარიზაციის. ამას ევროპა ხედავს. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი არის გაიგივებული ევროპასთან, ეს არ არის ევროპა. დღეგამოშვებით არიან ქართულ მედიაში, ნავთს ასხამენ პოლარიზაციის ცეცხლზე და თავად თემის და იდეის მიმწოდებლები არიან, თუ რაზე უნდა იდავონ პარტიებმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.