სვენ მიქსერი, რომელიც გახლავთ მომხსენებელი, თვეების განმავლობაში ამზადებდა საქართველოზე ანგარიშს და ვნახეთ შემდეგ ეგზემპლარული მაგალითი, როგორ მუშაობს ლობიზმი. მომხსენებელმა, რომელიც არის საქმეში ჩახედული, წარადგინა ანგარიში პროექტი და რა ხდება - ხდება თავდასხმა ანგარიშზე, დაგლეჯა, ჩამატება იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ არიან აფილირებულები სააკაშვილთან, არსის დაჩეხა-გაუკუღმართება და იმ დონეზე მიყვანა ამ ანგარიშის, რომ საბოლოო ჯამში თავად მომხსენებელმა უარი თქვა მხარი დაეჭირა ამ ანგარიშისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს ლობიზმი.
„ჩვენ ვნახეთ იმ კონკრეტული პარლამენტარების განცხადებები, რომლებიც ქართული პოლიტიკის ჩვეულებრივი მონაწილეები არიან, რომელიც გაჯერებული იყო სიყალბით, დეზინფორმაციით და შეტევით დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. მთლიანად ამ პროცესში, არც ერთხელ არავინ აღარ ახსენა, რომ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი, პოლიტპატიმარი და ა.შ. იმიტომ რომ, იქ სადაც არის ფაქტები და სამართალი, ხედავენ, რომ არიან სუსტები. რთულია, როცა არის განაჩენი, რომელიც ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც ითქვა ზუსტად იგივე, რომ სააკაშვილი ხელს აფარებდა გირგვლიანის მკვლელებს და ზუსტად იგივე თქვა ქართულმა სასამართლომაც, რთულია ეს დიდი ხნის განმავლობაში პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით დაფარო. ყველა თანხმდება, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და ეს სასჯელი არის კანონიერი. მეორე საკითხია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სადაც ვხედავთ სიტუაციის დრამატიზების მცდელობებს, რომ თითქოს ის იმდენადაა დაუძლურებული, რომ შეუძლებელია სასჯელის მოხდა, ამაზეც არსებობს პასუხები სამედიცინო, ამაზე სასამართლო მიმდინარეობს, იქნება პროცესი სადაც მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნება. მათ შორის ამ ვიდეოჩანაწერებითაც ვნახეთ, როგორია სააკაშვილის რეალური მდგომარეობა, ამას კიდევ სამედიცინო ექსპერტები და სასამართლო განიხილავს. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე თავის გზას ყოველთვის გაიკვალავს' ამიტომაცაა, რომ ქართული ოცნება და ჩვენი ხელისუფლება დგას მყარად ორ ფეხზე, რომ ის დგას ყოველთვის სიმართლეზე.
თავად ის ფაქტი, რომ იმ დონემდე მივიდა მდგომარეობა, რომ მომხსენებელმა და მისმა ჯგუფმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, მისი მხრიდან ეს არის პოლიტიკური დემარში, სიგნალი რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომ ის არ ეთანხმება, რაც მოხდა. არამხოლოდ შინაარს, პროცესს არ ეთანხმება, როგორც მოხდა ამ რეზოლუციის დაჩეხა. ანა ფოტიგამ კითხვა გააგზავნა ევროკომისარ ბორელის მიმართ, რომელმაც უპასუხა პარლამენტში, რომ არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა და ფოტიგამ მიიღო კითხვაზე პასუხი, რეზოლუციაში მაინც შეიტანეს ეს შესწორება, რაც არის პირდაპირი დეზინფორმაცია. ერთი საინტერესო მომენტი კიდევ - სააკაშვილის გულშემატკივარი ვიცით ჩვენ რაფაელ გლუქსმანი, რომელიც მისი თანამშრომელი იყო და მისი სახელი ფიგურირებს თანხების გაფლანგვის საქმეში, იმ სიკეთეებით სარგებლობდა, როდესაც სააკაშვილი საიდუმლო ხარჯებიდან თავისი ფუფუნებისთვის ხარჯავდა, ამ ქვითრებში მისი სახელიც ფიგურირებს. მთელი ცინიზმი გახლავთ ის, რომ აი არის იმ ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად და თავად არის ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი ასეთი ყალბი ინფორმაციისა საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.