სახელმწიფოს არა მხოლოდ გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, არამედ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებს - არავითარი საფუძველი ასეთი შეხსენებისა არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.
„ვთქვი, რომ ამ თემაზე, მიხეილ სააკაშვილზე, კომენტარს არ გავაკეთებ და ამ პირობას შევასრულებ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან - ციხეში არის ის პირობები, რაც უნდა იყოს; საავადმყოფოებში პატიმრებისთვის არის პირობები, რაც უნდა იყოს და ადამიანის უფლებები დაცულია. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამით განსხვავდება ჩვენი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან, ეს სხვაობა განსაკუთრებით ხელშესახები ციხის ნაწილშია“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.