მელოტი და ბანჯგვლიანი (ორნი ქალაქში)

მელოტი და ბანჯგვლიანი (ორნი ქალაქში)

სტუდიაში ორნი სხედან - მელოტი და ბანჯგვლიანი. მელოტი არც ისე მელოტია, მხოლოდ წაიმელოტებს, მაგრამ პროცესი სახეზეა - სიმელოტე პროგრესირებს, თუმცა მელოტისთვის ეს სულაც არ წარმოადგენს ტრაგედიას, თმის საფარის სიმწირე ხაზს უსვამს მაღალ შუბლსა და ჭკვიანურ გამომეტყველებას, ხოლო როცა სტუდიაში ზიხარ და ზოგადსაკაცობრიო თემებზე ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ჭრილში საუბრობ, გამომეტყველება და ხმის ტემბრი მაყურებლის თვალში და მსმენელის ყურში იქნებ გადამწყვეტიც იყოს.

გადამწყვეტი ბრძოლა რეიტინგისთვის.

რაც შეეხება ბანჯგვლიანს. მთლად ბანჯგვლიანი არც ის არის, ისე, საშუალოდ, ზომიერების ფარგლებში. როგორც ჩანს, წვერი იტყუება. ისედაც, ჩვენს დროში, ჯაგრით შემოსილი ტუჩ-ნიკაპი ხომ სერიოზულ სატყუარად იქცა - ისტორიის გარკვეული პერიოდის დიდი მოღვაწენი წვერს ატარებდნენ და იქნებ ამიტომაც, ისტორიის მიმდინარე ეტაპზე ტელევიზორში წვერებიანი კაცის დანახვისას ვიღაცას ილია ჭავჭავაძე ახსენდება, ვიღაცას - ნიკო ნიკოლაძე... აი, შეხედავ შაშკინს და იფიქრებ, რომ სანამ გიორგი მაზნიაშვილად დანიშნავდნენ, რამდენიმე წელი იაკობ გოგებაშვილად მუშაობდა, ახლა კი, ექვთიმეა, თაყაიშვილი.

გადამწყვეტი ბრძოლა ავტორიტეტისათვის.

მოკლედ, სტუდიაში ორნი სხედან - მელოტი და ბანჯგვლიანი.

მელოტი: „მოყოლებული შევარდნაძის ეპოქიდან, შემდეგ სააკაშვილის ეპოქაში გაგრძელებული, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პოლიციის რეფორმა ჩაატარეს და ახლაც, სულ ერთი და იგივე თემებზე გვიწევს წერა პოლიციასთან მიმართებაში. პოლიცია არ იცვლება. არჩევნების შემდეგ ყველას ქონდა შეგრძნება, რომ ის მეთოდები ახლა მაინც დამთავრდა. ჯერ ვარდების რევოლუციის შემდეგ გვქონდა ეს შეგრძნება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ დამთავრდა. რა ხდება, როგორ ფიქრობ, შეიცვალა რამე პოლიციაში?“

ბანჯგვლიანი კმაყოფილებას ვერ მალავს, თვითონვე იჯერებს, რომ უკვე მრავალი წელია, რაც დემოკრატიის სადარაჯოზე დგას და საზოგადოებრივ აზრს ქმნის.

ბანჯგვლიანი: „მე მგონი, ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ზედმეტი ფორა მივეცით სახელმწიფოს და მათ შორის - სამართალდამცავ სტრუქტურებსაც. ჩვენ ისევე დაბეჯითებით რომ გამოვდევნებოდით ყველა ფაქტს სამართალდარღვევებისა, რაც რევოლუციიდან უკვე ორ-სამ წელიწადში ჩანდა...“

მელოტი აწყვეტინებს. იგი ხვდება, რომ ბანჯგვლიანს, თავისდაუნებურად, საუბარი არასასურველ კალაპოტში გადაყავს - კარგია საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება, რომ შენ ხარ ის, ვისაც ერთ დროს სახელმწიფოსთვის ფორა მიუცია, მაგრამ „ზედმეტი ფორა“ პასუხისმგებლობასაც გაკისრებს და ესეც არ იყოს, სამართალდარღვევები რევოლუციიდან ორ-სამ დღეშიც ჩანდა, ყოველ ორ-სამ დღეში ჩანდა, ორ-სამ წელიწადში კი იმდენი ორი-სამი დღეა, ანუ იმდენი სამართალდარღვევაა, რომ რატომ დუმდი ორი-სამი წელი - ყრუ-მუნჯი და ბრმა ხარ თუ, უბრალოდ, გეკიდა? თან, ისეთებიც ბევრნი არიან, არც ფორა რომ მიუციათ და არც გაჩუმებულან. ამიტომ, მელოტი აწყვეტინებს ბანჯგვლიანს და ხეირის გამოდნობასაც ცდილობს.

მელოტი: „თუმცა, ამ ჩვენ შეცდომებზე ვისწავლეთ ახლა...“

ბანჯგვლიანი: „...და ახლა აჟიოტაჟი არის ამაზე ატეხილი. მე მგონია, რომ გადამეტებული აჟიოტაჟი ჯობს იმას, რომ ვიდრე გამოგვეპაროს და ასეთი ფაქტები ყურადღების მიღმა დაგვრჩეს“.

საუბარი სულ ახალი დაწყებულია, მაგრამ აზრის გამოტანა უკვე შეიძლება: ა) ვარდების რევოლუციიდან მთელი ორი-სამი წლის განმავლობაში მელოტი და ბანჯგვლიანი დუმდნენ და ეს აწყობდა მაშინდელ ხელისუფლებას და ბ) ახლა, მელოტი და ბანჯგვლიანი გადამეტებულ აჟიოტაჟს ქმნიან, ეს კი აწყობს მიშავანოზურაგიგის, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს.

თოქ-შოუ გრძელდება, ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ... შოუ კი იმიტომ ქვია, რომ ერთი მელოტია, მეორე კი - ბანჯგვლიანი.

ბანჯგვლიანი: „ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც უნდა გავაკეთოთ. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში მართლა უნდა დაფდაფებს შემოვკრათ და განგაშის ზარი დავცეთ, რადგან ეს არის ის, რამაც შეიძლება საზოგადოება გააჯანსაღოს და სამართლებრივი სახელმწიფოსკენ წავიდეთ“.

საზოგადოების გაჯანსაღება მართლაც კეთილშობილური მიზანია - „მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია“ (მთავარ როლში - სტანისლავ მიკულსკი, კომპოზიტორი - იეჟი მატუშკევიჩ), ფუნქციები განაწილებულია - მელოტი დაფდაფებს შემოკრავს, ბანჯგვლიანი განგაშის ზარს დაცემს, მუსიკას კი ის შეუკვეთავს, ვინც ფულს ადრე დუმილში იხდიდა, ხოლო ახლა გადამეტებულ აჟიოტაჟში იხდის.

თოქ-შოუ გრძელდება, სტუდიაში მსმენელ-მაყურებელი რეკავს.

მსმენელ-მაყურებელი: „ახლა, როდესაც იძახიან, განგაშის ზარებს უნდა შემოვკრათო, მე მაინტერესებს, მედია რატომ დუმს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ შევარდნაძის დროს ექვსი-შვიდი ათასი კაცი იყო ციხეში განგაშის ზარის შემოსაკვრელი, რევოლუციის შემდეგ აშშ-ს ადმინისტრაციამ თავისუფლად დაუშვა, რომ 24 ათასი კაცი დაეჭირათ და საწარმოების მაგივრად ციხეები აეშენებინათ. რატომ არ იძიებთ ჟურნალისტები, რომ...“

მელოტი უკმაყოფილოა. მან ეს-ეს არის დაარწმუნა ყველა, რომ „ქმნა მართლისა, სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ მისი სიტყვებია, ახლა კი, გამოხტა ვიღაც მსმენელი, რომელიც არც ჟურნალისტია და არც სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენს, და მას, მელოტს, მასთან ერთად კი ბანჯგვლიანსაც, ბრალს დებს, რატომ არ იძიებდითო!

მელოტს დაბნეულობისგან (ეს რა შებედეს სამოქალაქო საზოგადოების სიამაყეს!) კალამი უვარდება, თუმცა დროულად ახერხებს საკუთარი თავის ხელში აყვანას და კონტრშეტევაზე ირონიული, მიმტევებლური ღიმილით გადადის.

მელოტი: „ამაზე, მე ვფიქრობ, რომ ლამის ცხრა წელი ვსაუბრობდით ჟურნალისტები... შეიძლება, ცოტა ნაკლები...“

როგორც ჩანს, მელოტს ახსენდება საუბრის დასაწყისში ნახსენები ფორა და საბედისწერო დუმილის ორი-სამი წელიწადი. მშველელად მას ბანჯგვლიანი ევლინება.

ბანჯგვლიანი: „ყველაზე ნაკლებად გვეკუთვნის ეს საყვედური, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ვსაუბრობდით...“

მელოტი ნელ-ნელა გონს მოდის.

მელოტი: „ეს იყო არაკონტროლირებადი მედიის მთავარი თემა...“

ინიციატივას ბანჯგვლიანი იღებს.

ბანჯგვლიანი: „ის, რომ ნულოვანმა ტოლერანტობამ მიგვიყვანა იქ, სადაც მივედით, მე მგონი, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ mainstream media არ მოგვყვებოდა...“

ისევ გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ არის ნეხვი ფრანგულად. სამაგიეროდ, ეს იცის მელოტმა, შესაძლოა ბანჯგვლიანს ქონდეს ნათქვამი, თუმცა ეგ იქით იყოს, რადგან თოქ-შოუ გრძელდება, მელოტი კი ბრაზდება.

მელოტი: „არა, ჩვენ ჩვენი პრობლემაც ვაღიარეთ, რომ პირველ წლებში რაღაც ფორა მივეცით ხელისუფლებას, ანუ პირველ წლებში გვქონდა განცდა, რომ მოდი ვაცალოთ, დაველოდოთ, გამოასწორებენ შეცდომას...“

აქ მელოტს ენა ებმება და უხერხულობას მორცხვი ღიმილით ფარავს.

მელოტი: „ანუ, ჩვენც ვაღიარებთ ჩვენ შეცდომას და ვცდილობთ, რომ ვისწავლოთ შეცდომებზე“.

საერთოდ, გულწრფელი აღიარება ბრალს ამსუბუქებს, მაგრამ მელოტი და ბანჯგვლიანი ბრალს საერთოდ არ ახსენებენ. მართალია, სწორედ მათმა ფორამ და დუმილმა „მიგვიყვანა იქ, სადაც მიგვიყვანა“, მაგრამ დღეს, როდესაც უკვე ისწავლეს საკუთარ შეცდომებზე, მათს, უბრალოდ უფლებას კი არა, მთავარ მოვალეობას საზოგადოების დამოძღვრა წარმოადგენს, რადგან მათ ისწავლეს საკუთარ შეცდომებზე (დიდი არც არაფერი შეშლიათ - ორი-სამი წელი დუმდნენ), საზოგადოება კი, უფრო სწორად - მისი არასამოქალაქო ნაწილი (ანუ ის ნაწილი, რომელიც პატიოსნად შრომობს, ცხოვრობს და რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი არ არის) ვერაფერს ისწავლის.

თოქ-შოუ გრძელდება. მელოტს აინტერესებს, თუ რას ფიქრობს ბანჯგვლიანი შს მინისტრზე. ბანჯგვლიანი ხელებს ასავსავებს.

ბანჯგვლიანი: „სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია, რომ შევაფასო მისი მოღვაწეობა. ჩვენი ჟურნალი ცდილობს, ინტერვიუ ჩაწეროს მასთან, უკვე რამდენიმე თვეა უარს გვეუბნება. მე შემიძლია შევაფასო რომელიმე სახელმწიფო მოღვაწე მხოლოდ მას შემდეგ, როცა შემეძლება დავუსვა ინფორმირებული შეკითხვები და ინფორმირებულ შეკითხვებზე მიღებული პასუხების შესაბამისად შემიძლია შევაფასო“.

არ შეუძლია და... შეეკითხე, თუ გინდა! ოღონდ, შეეკითხე ინფორმირებულად და ბარემ ისიც კითხე, რატომ არის, რომ რვა წელია, რაც „მედია-ბაზარზე“ არიან და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ რვა მკითხველი შეიძინეს და, მგონი, რვავე მათივე ჟურნალის კორექტორია. ბარემ, იქვე ჩაეკითხე, ის როგორ იყო, მთელ ტელევიზიას ერთ ლარად რომ ყიდულობდნენ, თანამშრომლებისთვის ხელფასები როგორ უნდა ეხადათ, ანუ ვის მიერ შეკვეთილი მუსიკისთვის უნდა ესმინა მათი ტელევიზიის მაყურებელს და რამდენი ნოტი იქნებოდა მელოდიაში.

მხოლოდ ერთი ნოტი იქნებოდა - „ლა“, მაგრამ იქნებოდა ბევრი ლა-ლა-ლა-ლა-ლა, რომელიც ზოგს „ლაი-ლაიდ“ ესმის, ზოგს კი „ბლა-ბლად“.

რა თქმა უნდა, ინტერვიუზე უარს ეტყვის... აი, მეც, ყველას როდი ვეუბნები გამარჯობას!

მელოტი არ ისვენებს. ცოტა არ იყოს უხერხულია, სტუმარი ყოვლისმცოდნედ წარადგინო, მან კი არაფერი არ იცოდეს, ამიტომ ცდილობს რაღაც მაინც ათქმევინოს.

მელოტი: „მაინტერესებს, რა შეუძლია ასეთ სიტუაციაში გააკეთოს მინისტრმა, როდესაც მთელი სტრუქტურა მიჩვეულია ასეთ მუშაობას... ასე მუშაობდნენ კომუნისტების დროს, შევარდნაძის დროს... როგორც გაირკვა - სააკაშვილის დროს... რა გამოსავალი არსებობს ასეთ შემთხვევაში?“

გამსახურდიას დრო გამორჩა, მაგრამ „სააკაშვილის დრო“ მისთვის მხოლოდ ახლა ირკვევა.

ბანჯგვლიანი: „მე რომ ვიცოდე, რა შეიძლება ასეთ მდგომარეობაში გააკეთო...“

მელოტი: „შინაგან საქმეთა მინისტრი იქნებოდი, ჰი, ჰი, ჰი“.

ბანჯგვლიანი: „ღმერთმა დამიფაროს“.

ამის შემდეგ ბევრი აღარ უსაუბრიათ, ერთხელ კიდევ მოეფერენ და ჩაეხუტენ ერთმანეთს და თავადაც მიხვდებით, რომ „სახელმწიფოსთვის მიცემული ფორა“ და დუმილის ორი-სამი წელი მეტად აღარ უხსენებიათ.

რადგან თოქ-შოუ დასრულდა, ალბათ, ლოგიკური იქნება, რომ მეც დავასრულო საუბარი „ორი კვერცხის დიეტაზე“, თუმცა მელოტსა და ბანჯგვლიანზე ერთი რარაც მახსენდება.

მეგობარი მყავს, ვაჟა ქვია, უაღრესად წესიერ, განათლებული, იუმორით სავსე კაცი (ერთხელ კითხეს, „სევილიელი დალაქი“ თუ გინახავსო, ამან უპასუხა - სად უნდა მენახა, წვერს სახლში ვიპარსავო). ვაჟას თავზე თმა არ აქვს, სამაგიეროდ ტანზეა კატასტროფულად თმიანი. ერთხელ ვიღაც დაინტერესდა, თმა რატომ გაგცვივდაო. ვაჟა გაეხუმრა - ჩერნობილში ვიყავიო. ამან - მერე, შე კაცო, რაღა თავი შეყავი, ტანი შეგეყოო.

ეს რატომ გამახსენდა? თვითონაც არ ვიცი. უბრალოდ, ძალიან მაინტერესებს, როდემდე უნდა გვარიგონ ჭკუა სადღაც შეყოფილმა მელოტმა და მისმა კოლეგა ბანჯგვლიანმა.

ჩაის კოვზი დაუვარდებათ და - ზარები დავარისხეთო...