"იქ არა მაქვს შეგრძნება, რომ უცხო ხალხში ან სადმე შორს ვარ. პირიქით, თითქოს ის მტკივნეული 30 წელი იშლება და ისევ იმ სოხუმში ვარ, სადაც ქართველებიც, აფხაზებიც და სხვა მრავალი ეროვნების ადამიანიც ერთად ცხოვრობდნენ", - ამბობს ჟურნალისტი ირმა ბერიშვილი რომელიც ხშირად ახერხებს აფხაზეთში ჩასვლას. ბოლოს კი ახლახან იმოგზაურა.
- აფხაზეთი ჩემთვის ძალიან სათუთი თემაა. როცა ენგურის ხიდზე გადასვლის ან სოხუმის ამბებს ვყვები, ის ხალხი მიდგას თვალწინ, რომელიც 30 წელია, საკუთარი მიწიდან გამოდევნილია და ჯერჯერობით უკან დაბრუნების შანსი არა აქვს, მე კი ვდგავარ და ვყვები, როგორ ვიმოგზაურე აფხაზეთში ან რა საოცრად ლამაზია იქაურობა. სოხუმის ქუჩებში დავდივარ თუ ზღვის ნაპირს მივუყვები, მუდმივად დანაშაულის გრძნობა დამყვება. რომელიმე სახლთან რომ შევჩერდები, ვფიქრობ, აი, მე აქ ვარ, შევყურებ ამ ქუჩებს, ხეივნებს, ამ სახლს, ეზოს, ის ადამიანები კი, რომლებიც აქ დაიბადნენ, ღმერთმა იცის, სად არიან, რა ბედი არგუნა განგებამ. ასე გაორებული გრძნობით მიწევს აფხაზეთში ყოფნა, თან მიხარია და აღფრთოვანებული დავაბიჯებ, ყველა კუთხე-კუნჭული მინდა მოვიარო.
ადრე, 2011 წლამდე, როცა აფხაზეთში მივდიოდი, ჩემი იქაური ნათესავების გარდა არავის ვუთანხმებდი. მაშინ იყო საშუალება, რომ აფხაზების გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებთან საერთო ენა გამოგენახა და გადასულიყავი. იყო შემთხვევები, როცა ქართველები ფულს აძლევდნენ, მაგრამ მე ერთხელაც არ გადამიხდია. პირდაპირი და უშუალო კონტაქტით, ნაცნობობით, მიშვებდნენ. ერთხელ ახლობელთან ლაპარაკ-ლაპარაკით ისე მშვიდად გავედი საგუშაგოსთან და იქ შეკრებილ აფხაზებს ცხვირწინ ჩავუარე, ჩვენკენ არც გამოუხედავთ, არავის უკითხავს, ვინ ვიყავი და სად მივდიოდი.
2010 წელს, როცა აფხაზეთში გადასასვლელად სპეციალური საშვები იყო საჭირო, ჩემმა ნათესავებმა გამიკეთეს. აფხაზებს ჩემი სახელი და გვარი ჩაწერილი ჰქონდათ და ადგილზე რომ გამოვცხადდებოდი, ჩემი პირადი მონაცემები სამორიგეო ჟურნალში უნდა გაეტარებინათ. საგუშაგო პუნქტს რომ მივადექი, ისეთი პლანის სუნი მეცა, ცხვირი ამეწვა და სახე დავმანჭე. იქვე რამდენიმე სამხედროსა და შეიარაღებულ აფხაზს ისეთი ღრიანცელი ჰქონდათ, მივხვდი, ჩემს მისვლამდე გაუბოლებიათ და არც დავფიქრებულვარ, ერთს, რომელსაც პირისპირ შევეჩეხე, დაახლოებით ჩემი ასაკის აფხაზს, მეგრულად შევძახე, თქვენ გაგიხმეთ ეგ თავი, რა მოწიეთ ამისთანა, აქაურობა ასე რომ აგიყროლებიათ-მეთქი. ჩემს თანამგზავრ ქართველს შიშისგან ლამის მუხლები მოეკვეთა და მკლავზე ჩამებღაუჭა, ეს რა ქენიო. ის აფხაზი კი გაოცებისგან შეხტა და თვალებდაქაჩული მდუმარედ მომაჩერდა, მერე კი მასაც და სხვებსაც ისეთი ხარხარი აუტყდათ, შიგნით მყოფი აფხაზებიც ინტერესით გარეთ გამოიშალნენ, რა მოხდაო. ამათ ხელით ანიშნეს ჩემზე და აფხაზურად დაუწყეს რაღაცის ახსნა, თან მხიარულად ხორხოცობდნენ. მივხვდი, ჩემმა სამართლიანმა საყვედურმა მათში ბრაზი კი არა, დადებითი განწყობა გამოიწვია და ახლა ერთმანეთს უზიარებდნენ, მაგრამ სიტყვებს ვერ ვიგებდი. საგუშაგოდან მშვიდობიანად რომ გამიშვეს, ამ ამბის შემსწრე გალელმა ქართველმა მითხრა, აღფრთოვანებული დარჩნენ შენითო. ამბობდნენ, ეს ვინ არის, როგორ ტანკივით შემოგვიტია, არც ჩვენი შეეშინდა, არც იარაღის, ასე პირდაპირ მოგვადგა და დაგვცხოო. მით უმეტეს, შენი მონაცემები რომ ნახეს და გაიგეს, აქაურიც არ იყავი და სტუმრად მოდიოდი, მთლად გადაირივნენო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, არიქა, რამეში არ შევცდეთ, გაატარეთ, თორემ ეს ისეთი ,,ჟილკიანი" ჩანს, იარაღსაც დაგვაყრევინებსო. ამათ აქ უბატონოდ ხმას ვინ გასცემს, მიჩვეული არიან, რომ შიშით გადადის და გადმოდის ხალხი, ზედმეტი კითხვის დასმასაც ერიდებიან და შენ ისე დააფეთე, კარგა ხანს ვერ დაგივიწყებენო. ასე რომ, ენგურის ხიდზე გადასვლის დიდი თავგადასავლები მაქვს. მთავარი ის არის, რომ აფხაზების არასდროს შემშინებია, არც ის გრძნობა მქონია, რომ იქ მტრები დამხვდებოდნენ და უნდა მოვრიდებოდი. მოკლედ, პრობლემა არასოდეს შემქმნია...
ენგურის ხიდზე როგორც კი გადავედი, ჩემი მასპინძელი დამხვდა, ჩავსხედით მანქანაში და წავედით სოხუმში. მზიანი ამინდი იდგა, დროის დაკარგვა არ მინდოდა და როგორც კი ჩავედით, ზღვისკენ გავეშურე. სანაპიროზე რუსები დამხვდნენ: ახალგაზრდები, ბავშვები და უფრო მეტი საპენსიო ასაკის ქალები და მამაკაცები. სოხუმის ზღვა ლურჯია და კამკამა, მაგრამ ისე წამოვედი, მკვეთრად ლურჯი ზღვა ვერ ვნახე. რომ ჩავედი, წინა დღეების ნაწვიმარზე ნაცრისფერი დამხვდა. ჩემი ჩასვლის მერეც მთელი კვირა წვიმდა. იქ არა მაქვს შეგრძნება, რომ უცხო ხალხში ან სადმე შორს ვარ. პირიქით, თითქოს ის მტკივნეული 30 წელი იშლება და ისევ იქა ვარ, იმ სოხუმში, სადაც ქართველებიც, აფხაზებიც და სხვა მრავალი ეროვნების ადამიანი ერთად ცხოვრობდნენ. ახლა ყოველ ნაბიჯზე რუსული ლაპარაკი და რუსული სახეების დანახვა მაბრუნებდა რეალობაში, თორემ თავი მართლაც იმ ძველ სოხუმში მეგონებოდა. რაც დანგრეულია, იმას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი ისევ ისეთია, როგორიც სოხუმელებს ახსოვთ. არავის არაფერი მიუმატებია, სხვადასხვა ადგილას ახალ პატარ-პატარა სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებს ან მაღაზიებს თუ არ ჩავთვლით. რაც იყო, მას შემდეგ ერთი კორპუსიც არ აშენებულა. ცენტრალურ ადგილებში რომ გაივლი, სადაც ომის ხელი არ ატყვია, იფიქრებ, რომ იმ ძველ, ომამდელ სოხუმში ხარ.
ახალ ათონშიც ვიყავი. იქაურობა ცალკე სამყაროა ჩემთვის - პატარა ფართობზე იმდენი ღირსშესანიშნაობაა, იმდენი ლამაზი ადგილი, საით გაიხედო, აღარ იცი. სანაპიროდან მწვანით მოსილ მთებს და გორაკებს ახედავ და სილამაზით აღფრთოვანდები, მაღლობიდან ზღვისკენ გადაიხედავ და ისეთ თვალისმომჭრელ სივრცეებს ხედავ, მღელვარებისგან სული გეკვრის.
იქაც წვიმა დამხვდა. პარკებში, კაფე-რესტორნებში, მაღაზიებში, ღირსშესანიშნავ ადგილებში, საექსკურსიო მარშრუტებზე, ყველგან, ყოველ ნაბიჯზე რუსები მხვდებოდნენ. ნაირფერ საწვიმრებში გამოწყობილი დასეირნობდნენ, ფოტოებს იღებდნენ...
- არა, მხოლოდ მეგრულს გაიგონებ ბაზარში ან ქუჩაში. კვების ობიექტებისა და სასტუმროს მეპატრონეები კარგი დიასახლისობის გამო ცდილობენ მეგრელი ქალები დაასაქმონ. თითქმის ყველა კაფესა თუ რესტორანში მეგრელი პერსონალი ჰყავდათ. თავს რომ შევყოფდი სამზარეულოში და მეგრულად შევძახებდი, როგორ ხართ გოგოებო-მეთქი, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახლობელივით მესიყვარულებოდნენ, ათას კითხვას მაყრიდნენ... ერთი-ორგან სამსახურიც კი შემომთავაზეს, ჩვენთან დარჩი, სამზარეულოში იმუშავე და კარგ ხელფასსაც მოგცემენო.
- ეკლესიებში რომელ ენაზე აღესრულება ღვთისმსახურება?
- აფხაზეთში დღეს 16 ეკლესიაა მოქმედი და როგორც ვიცი, მსახურება რუსულ ენაზეა.
- ქართველების მონატრება იგრძნობა?
- ურთიერთობები ნამდვილად ენატრებათ, მუდამ კეთილად იგონებენ ძველ მეზობლობას, მეგობრობას, ნათესაობას. ომის ფაქტებს თუ არ ჩავთვლით, ცუდი მოსაგონებელი ქართველებზე არაფერი აქვთ. თუმცა იქაური იდეოლოგები გამუდმებით მუშაობენ, რომ ახალ თაობას, რომელსაც ქართველებთან არასდროს კავშირი არ ჰქონია, ჩვენზე ცუდის გარდა სხვა ინფორმაცია არ ჰქონდეს და მოსისხლე მტრებად მივაჩნდეთ. ამას ხელს უწყობს ინტერნეტსივრცეში ზოგი ქართველის აგრესიული აქტიურობაც, რომლებიც აფხაზებზე პროვოკაციულ პოსტებს წერენ. ეს ფაქტები აფხაზ ახალგაზრდებს შიშს, უნდობლობასა და სიძულვილს უძლიერებს.