ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა (BBC news russaian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით "დაზავება" და "ვარდისფერი ოცნება": რამდენად არის შესაძლებელი დღეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება?".
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
"უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 9 თვე გავიდა, თუმცა იმის იმედი, რომ საბრძოლო მოქმედებები დიპლომატიის დახმარებით შეჩერდება, თითქმის არ არის. და მაინც, სამშვიდობო მოლაპარაკებების წინამძღვრებზე და მათ შესაძლებლობებზე პოლიტიკოსები ძველებურად მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ - ბოლო დროს განცხადებები ისმოდა მოსკოვიდან, კიევიდან, აგრეთვე დასავლეთის დიდი ქვეყნების დედაქალაქებიდან.
"ბი-ბი-სი" განიხილავს საკითხს - "გაჩნდა თუ არა მშვიდობის დამყარების შანსები ან თუნდაც დაზავების შესაძლებლობა და როგორ ხედავენ მომავალს ორივე ქვეყნის პოლიტიკოსები".
შესაძლებელია თუ არა დაზავება და არა მშვიდობის დამყარება?
"ამჟამად არც რუსეთი და არც უკრაინა მშვიდობის დასამყარებლად მზად არ არიან და არც უახლოეს ხანში არ იქნებიან. სავარაუდოდ, ეს საკითხი ათწლეულების გადასაჭრელია", - მსჯელობს "ბი-ბი-სის" მოსკოველი მოსაუბრე, რომელიც ახლოს დგას მომლაპარაკებელ ჯგუფთან, - "ამიტომაც მშვიდობის დამყარების შესახებ ლაპარაკი დაივიწყეს, დღეს ამაზე არავინ საუბრობს. არის იდეა, რომ მოიძებნოს ხელსაყრელი მომენტი მოსალაპარაკებლად. უბრალოდ, ცეცხლის შეწყვეტაც დიდი სიკეთე იქნებოდა, რადგან დაზავებისას ცოტა ხალხი იღუპება და შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომელიც პოზიტიურ გავლენას მოახდენს სიტუაციაზე და ადამიანები უფრო ნაკლები რაოდენობით მოკვდებიან".
სიტუაცია იმის შესახებ, შეუძლია თუ არა რუსეთის ხელისუფლებას თეორიულად ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, "ბიბისიმ" აგვისტოშიც განიხილა, თუმცა იმ დროს უკრაინელი მოსაუბრეები ამბობდნენ, რომ მოლაპარაკების დაწყების ყველანაირ მცდელობებს ისინი ოპერატიული პაუზის აღების მცდელობად თვლიან, რომლის განმავლობაში რუსეთს შეძლებს ძალების გადაჯგუფებას, იარაღის მარაგის შევსებას, პირველ რიგში ფრთოსანი რაკეტების და მოაგვაროს ლოჯისტიკური პრობლემები შემდგომი შეტევისათვის. მათ დღესაც იგივე თვალსაზრისი აქვთ.
ამჟამად რომ რუსეთის არმიას ზავი ჰაერივით ჭირდება "სულისმოსათქმელად" და ძალების მოსაკრებად ახალი შეტევისათვის, ამაზე ის ადამიანები და სახელმწიფო ტელეარხების ის ექსპერტებიც კი ლაპარაკობენ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის მომხრეები იყვნენ და არიან. მაგალითად, მწერალმა ზახარ პრილეპინმა ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ შეიძლება რუსეთმა ახლა ზავი დადოს, მაგრამ შემდეგში მაინც ბრძოლა იქნება საჭირო პროცესის ბოლომდე მისაყვანად: "ჩვენ ვდგავართ მეორე ხასარვიურტის წინაშე, რომლის ბოლომდე მიყვანა მოგვიწევს", - თქვა მან პროგრამა "60 წუთის" ეთერში (მწერალს მხედველობაში ჰქონდა 1996 წელს ქალაქ ხასარვიურტში ხელმოწერილი შეთანხმება, რითაც ჩეჩნეთის პირველი ომი დასრულდა, თუმცა ამ დოკუმენტით ჩეჩნეთის მეორე ომი თავიდან ვერ იქნა აცილებული).
"თანაც ამ დროს ყველას ეშინია "მინსკი-3"-სა [მინსკის ხელშეკრულების ახალი სერიისა). მთავარს კი ამ კითხვაზე პასუხი წარმოადგენს: რაში გამოიხატება ვოლოდიმირ ზელენსკისათვის შეთანხმების დადების მომგებიანობა, თუ ახლაც ყველაფერი არცთუ ცუდად მიდის?", - აღნიშნა ტელეარხ "როსია-1"-ის პროგრამის წამყვანმა ოლღა სკაბეევამ.
როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ სიტყვებს უკრაინელი მომლაპარაკებელი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკიც ხელს მოაწერდა: "დღეს თვითონ ომის ლოგიკა ისეთია, რომ 2014 წლის დროინდელი ნიმუშის სანახევროდ დაუთავრებელი შეთანხმებები აღარ იქნება. უხეშად თუ ვიტყვით, საერთაშორისო სამართლის იმ ინტენსიური დარღვევების ფონზე, რომელსაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ, არ შეიძლება რუსეთს "შუაში დარჩენის" ნება მიეცეს და მას პასუხისმგებლობა არ დაეკისროს", - ამბობს იგი. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, კიევში დარწმუნებულები არიან: სანამ რუსეთი უკრაინაში საგრძნობ დამარცხებას არ განიცდის, მოსკოვი გააგრძელებს ისეთ მოქმედებას, რომ მას თითქოსდა სხვა ქვეყნის მოქალაქეების მოკვლის უფლება აქვს".
უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები ბოლო კვირების განმავლობაში საჯაროდ აკეთებდნენ ოპტიმისტურ პროგნოზებს საომარი მოქმედებების შემდგომი განვითარების შესახებ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გავრილოვი ნოემბრის შუა რიცხვებში უშვებდა იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინის არმია ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე შესვლას უკვე დეკემბრის ბოლომდე შეძლებდა, ხოლო თვით ომი მომავალი 2023 წლის მაისის ბოლომდე დასრულდებოდა. უკრაინის დაზვერვის უფროსმა კირილე ბუდანოვმა კი ომში რუსეთის დამარცხება უკვე "გადაწყვეტილ საკითხად" ჩათვალა. ასეთი თავდაჯერებულობის ფონზე უკრაინის ხელისუფლება საეჭვოა, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დათანხმდეს.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები მიუთითებენ, რომ დაზავება მართლაც მომგებიანი იქნებოდა რუსეთისათვის "სულის მოსათქმელად", მოსკოვიდან გაისმის განცხადებები, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის, მაგრამ სინამდვილეში კრემლი პრაქტიკულად არაფერს აკეთებს არც სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის და არც ცეცხლის შესაწყვეტად. "ეს იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინი ძველებურად დარწმუნებულია, რომ რუსეთი ომის მსვლელობაში გარდატეხის შეტანას შეძლებს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ფრონტზე სიტუაციის სტაბილიზებას მოახდენს, - ამბობენ ექსპერტები.
მოსკოვიდან გაჟღერებულ განცხადებებს მოლაპარაკების თაობაზე ISW-ის ანალიტიკოსები ასე განმარტავენ: რუსეთი ცდილობს დასავლეთი დაარწმუნოს, რომ მან უკრაინას მკაცრი პირობები წაუყენოს მოლაპარაკების დასაწყებად და თან ისე, რომ რუსეთის მიმართ რაიმე წინასწარი პირობა წაყენებული არ იყოს.
მაგრამ, როგორც ზოგიერთი ნიშნებით ჩანს, სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის დაწყებას რუსეთის ხელისუფლებაზე მეტად თვითონ რუსები ელოდებიან. "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სამშვიდობო პროცესის დაწყების მომხრენი არიან, მნიშვნელოვნად გაიზარდა მობილიზაციის გამოცხადებისა და ფრონტზე განცდილი წარუმატებლობის გამო.
ჯერ კიდევ აგვისტოში სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას მხარს რესპოდენტთა 44% უჭერდა, 48% კი ომის გაგრძელებას. ოქტომბრისათვის იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მოლაპარაკებას "რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას" ან "სწრაფად დაწყებას" მხარს უჭერდა, უკვე 57%-მდე . ომის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა კი 36%-მდე შემცირდა.
ნოემბერში საომარი მოქმედების გაგრძელების მხარდამჭერთა რაოდენობა 41%-მდე ავიდა, მაგრამ გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა ისევ განაცხადა, რომ ეთანხმება ომის დიპლომატიური გზით შეწყვეტას (თუმცა 70%-ზე მეტი პოზიტიურად არის განწყობილი რუსეთის არმიის მიმართ უკრაინაში).
სხვათა შორის, უკრაინის მოსახლეობის თვალსაზრისი სრულიად განსხვავდება რუსების პოზიციისაგან: კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით (21-23 ნოემბერს, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთი ენერგოსტრუქტურების მასიურ დაბომბვაზე გადავიდა), უკრაინელთა 86% თვლის, რომ რუსეთის აგრესიის მიმართ წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაბომბვით უკრაინის ბევრი ქალაქი დაინგრევა.
ალტერნატიულ თვალსაზრისს - დაბომბვებისა და სროლების შესაწყვეტად საჭიროა დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები, თუნდაც რუსეთის მიმართ დათმობა გახდეს აუცილებელი - მხარი მხოლოდ უკრაინელთა 10%-მა დაუჭირა.
თუ მოლაპარაკება არა, მაშინ რა?
თუ დღეს სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია, მაშინ როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომ? "ბი-ბი-სის" რესპოდენტები, რომლებიც ახლოს დგანან რუსულ მომლაპარაკებელთა ჯგუფთან, თვლიან, რომ ყველაზე სავარაუდო და გარკვეული გაგებით ყველაზე საუკეთესო ვარიანტი უკრაინისთვისაც და რუსეთისთვისაც ის იქნებოდა, თუ ფრონტზე ხანგრძლივი სიწყნარე ჩამოდგებოდა. მათი თქმით, თუ ობიექტურად ვიტყვით, კონფლიქტის ორივე მხარიდან არცერთ არ აქვს იმის რესურსი, რომ რომელიმემ სრული სამხედრო გამარჯვება მოიპოვოს. "თუ საომარი მოქმედებების რაღაც მომენტში ფრონტზე სიტუაცია სტაბილური გახდება და სამი-ოთხი თვის განმავლობაში ცვლილებები არ იქნება (არ აქვს მნიშვნელობა ორ კილომეტრს აქეთ და სამს იქით), მაშინ ორივე მხარეს შეიძლება დაზავების სურვილი და მოთხოვნა გაუჩნდეს", - ვარაუდობს "ბი-ბი-სის" წყარო. მისი თქმით ამ შემთხვევაში უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებას საშუალება ექნებათ თავიანთ მოქალაქეებს აუხსნან, თუ რატომაა დაზავება აუცილებელი. მოსკოვს, მაგალითად, შესაძლებლობა გაუჩნდებოდა ეთქვა, რომ "მთლიანობაში სპეცოპერაციის პოლიტიკური ამოცანები გადაწყვეტილია, მიზნები მიღწეულია - რუსეთის არმიამ უკრაინის არმიას და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს დიდი ზარალი მიაყენა და დონბასის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი "გაათავისუფლა". "კი, მთლიანად ჯერ ვერ შევძელით, მაგრამ ოდესმე აუცილებლად მთლიანად გავათავისუფლებთ - ასე შეიძლება უთხრას რუსეთის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს", - ამბობს "ბი-ბი-სი"-სთან მოსაუბრე.
თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებას, - ამბობს მოსკოველი მოსაუბრე, - შეუძლია თავის მოქალაქეებს უთხრას, რომ "იძულებულნი ვართ ზავზე დავთანხმდეთ უკრაინის სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ოდესმე აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ყველა ჩვენს ტერიტორიას დავიბრუნებთ". ტექნიკურად ასეთი "გაყინული კონფლიქტი" შეიძლება კვიპროსულს დაემსგავსოს".
"შემდეგ კი უკვე მოგვიწევს ვიპოვოთ ის რთული გადაწყვეტილება, რომლის დროსაც მყიფე მშვიდობა სულ უფრო ნაკლებად მყიფე იქნება. ცხელი სისხლი ცოტა განელდება, ადამიანები ადაპტირებას მოახდენენ, თანდათანობით გაჩნდება შესაბამისი პირობები, როცა შესაძლებელი იქნება რაღაც გლობალური გადაწყვეტილების მიღება", - ასეთ რეზიუმეს აკეთებს "ბი-ბი-სი"-სთან მოსაუბრე და თან ხაზს უსვამს, რომ სამშვიდობო პროცესი შეიძლება "ჩვენი თაობის წარმომადგენლების სიცოცხლის განმავლობაში არ დასრულდეს".
"ეს სცენარი აბსოლუტურად არარეალისტურია. ეს არის რუსების "ვარდისფერი ოცნება", მათ სწორედ მოვლენების ასეთი განვითარება სურთ", - ირონიულად პასუხობს მოსკოველი მოსაუბრის ნათქვამს მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, თუ უკრაინის ხელისუფლება ნამდვილად შეეცდება თავის მოსახლებას კონფლიქტის გაყინვის სცენარი "მიჰყიდოს", ეს სოციალურ უკმაყოფილებას გამოიწვევს... ასეთ სცენარს არც არმია დაეთანხმება და არც მოქალაქეები. ისინი იტყვიან: "ჩვენ არ გავჩერდებით, უფრო მეტ [რუსს] მოვკლავთ, რადგან მათ გამო ჩვენი ბავშვები ზამთარში გაყინულ ბომბსაფრებში სიცივით იხოცებიან" და მართლებიც იქნებიან".
გარდა ამისა, დაზავების ასეთი "სანახევრო" ვარიანტი ძალზე სახიფათო იქნება უკრაინის სახელმწიფოებრიობისათვის, - თვლის პოდოლიაკი. "თუ მისი რეალიზება მოხდება, ჩვენ ტერიტორიაზე ვერცერთ ინვესტორს ვერ შემოიტყუებ, მოსახლეობა ხარკოვიდან ან ზაპოროჟიედან სხვაგან წავა საცხოვრებლად, რუსეთი კი ამ დროს თავის შეცდომებზე დაფიქრდება, მათი გამოსწორების მიზნით ისევ აამუშავებს თავის პროპაგანდისტულ მანქანას დასავლეთში და ერთი წლის შემდეგ იქ უკრაინას შეიძულებენ - კიევი ხელს უშლის ევროპას ომამდელი ბედნიერი ცხოვრების დაბრუნებისთვისო".
"ბი-ბი-სის" მოსკოველი წყარო, რომელიც მომლაპარაკებელ ჯგუფთან ახლოს დგას, სიტუაციის სხვაგვარად განვითარების სცენარებსაც ხედავს. ერთ-ერთს, რომლის შემთხვევაში უკრაინა წარმატებებს აღწევს ფრონტზე, იგი "კატასტროფულს" უწოდებს. ამ შემთხვევაში, მისი აზრით, რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმების ესკალაციას ახდენს, აგრეთვე შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც სერიოზულად იფიქროს. ასეთი სცენარის ალბათობის სიგნალი შეიძლება თვითონ ვლადიმერ პუტინის განცხადება გახდეს, რომელზეც მან ამ კვირაში უფლებადამცველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს მიანიშნა.
"ეს არის ისეთი სიტუაცია, როცა ორი მოჭადრაკე თამაშობს, ერთი აგებს, მეორე კი ბრაზდება, უცებ ჭადრაკის დაფას აიღებს და ოპონენტს თავზე ამტვრევს. დაახლოებით ასეთი ისტორია შეიძლება მოხდეს. მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ჭადრაკის პარტია მოიგე? არა, ეს მხოლოდ სასოწარკვეთის ნიშანია", - ამბობს მოსკოველი ექსპერტი.
კიევში, პირიქით, უკრაინის წარმატებულ შეტევას, რუსებისაგან განსხვავებით, "კატასტროფულს" კი არა, ყველაზე სასურველს უწოდებენ. უფრო მეტიც - მას ყველაზე სავარაუდო სცენარად თვლიან ბრძოლის ველზე. "მომავალი ისაა, რომ რუსეთი დამარცხდება, კრემლი უკან დაიხევს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიღმა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკების რთული პროცესი, თანაც უკრაინის მხარის ულტიმატური მოთხოვნებით", - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.
პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ზამთრის დადგომა უკრაინის გენშტაბის გეგმებზე ტერიტორიის გათავისუფლების მიზნით, გავლენას არ მოახდენს: რუსები ზამთრის წყნარ პერიოდს და ფრონტის ხაზზე შეტაკებების სტაბილურ ეტაპს არ უნდა ელოდნონ.
როგორც ცნობილია, დასავლელი ლიდერები თითქოსდა არწმუნებდნენ ვლადიმერ პუტინს იმაში, რომ თუ კრემლი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მას კატასტროფული შედეგები ექნება ყველა მხარისათვის. კრემლის წინააღმდეგ გამოვიდნენ ინდოეთი და ჩინეთი - ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობას აგრძელებენ ომის დაწყების დღიდან.
თუმცა, მოსკოველი მოსაუბრის თქმით, "ბირთვული სცენარი" ჯერ-ჯერობით შორეულად უნდა ჩაითვალოს - ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ომის მიმდინარეობაში გარდატეხას უიმისოდაც მოახდენენ. სხვათა შორის, თვითონ "ბი-ბი-სი"-სთან მოსაუბრე მოსკოველი რუსეთის ახალ წარმატებული შეტევის ვერსიას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს. მას მიხაილო პოდოლიაკიც ეთანხმება: "მე ვფიქრობ, რომ რუსეთს უფრო მეტი შანსები აქვს კოლის ნახევარკუნძულზე და კამჩატკაზე დაიწყოს შეტევა, ვიდრე კიევზე", - დარწმუნებულია უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.