ოპოზიციას აქვს გათვლა, დაანახოს ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი არ იშლება, რომ ეს არა ცალკეული პირების, არამედ ხალხის ნებაა, ამას ემსახურება საპროტესტო მუხტის შენარჩუნება და განცხადებები, რომ არ დაიშლებიან - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას.
მიხიელ სააკაშვილის სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პროცესები მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადყვანაზე სწრაფად უნდა დასრულდეს, ვინაიდან ყოველი დღე სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი კი ქვეყნის მესამე პრეზტდენტის სიკვდილს არ შეეგუება.
„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, ვეგუებით რეალობას თუ არ ვეგუებით," - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია და დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის პათოსი, შენარჩუნდეს საპროტეტსო მუხტი და გაგრძელდეს აქციები, ძალაში დარჩება.
„გასაგებია, რატომ არ აპირებენ დაშლას და ამას აქვს თავისი მიზეზი. იმის გათვალისწინებით, რომ ლობისტების ბრიგადა უკვე მუშაობს და ისინი ძირითადად მუშაობენ უცხოელ პოლიტიკოსებზე, მათ შეუქმნან სრული სურათი, რა ხდება საქართველოში სააკაშვილთან მიმართებაში. ამიტომ ამის პარალელურად აუცილებელია ადგილზე საპროტეტსო გამოსვლები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ეს სურათი უცხოელ პოლიტიკოსებს იმის თქმის საშუალებას მისცემს, რომ ხალხის ნებაზეა ლაპარაკი და არა ცალკეულ პიროვნებებზე. რამდენი ადამიანი მივიდა აქციაზე ან რა მოტივით, ამის კვლევას აღარავინ დაიწყებს, უცხოელების მისაშველებლად სურათი იქნება შექმნილი. ექნება თუ არა ოპოზიციის გათვლებს პოლიტიკური შედეგი, პროგნოზის გაკეთება ძნელია, მაგრამ გამიკვირდებოდა, რომ ოპოზიციას პოლიტიკური მხარის გასაძლიერებლად ეს საშუალება არ გამოეყენებინა. რაც შეეხება ხელისუფლებას და მის პოზიციას სააკაშვილის გაშვება-არგაშვებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ თქვა, რომ სააკაშვილზე კომენტარს აღარ გააკეთებენ. კარგია, მართლაც თუ არ გააკეთებენ კომენტარს და ბოლომდე ნეიტრალურობას შეინარჩუნებენ," - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.