რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს, თუმცა, მისივე თქმით, ეს საპასუხო ქმედებებია უკრაინის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე. ამის შესახებ პუტინმა კრემლში სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ისაუბრა.
„ბევრი ხმაურია ჩვენი დარტყმების შესახებ მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ. მაგრამ ვინ დაიწყო ეს? ვინ დაარტყა ყირიმის ხიდს, ვინ ააფეთქა კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან ელექტროგადამცემი ხაზები, ვინ არ აწვდის წყალს დონეცკს? მილიონიანი ქალაქისთვის წყლის არმიწოდება - ეს გენოციდის აქტია. ამაზე არავის არსად სიტყვა არ უთქვამს. სრული დუმილია. ჩვენ უბრალოდ უნდა განვაგრძოთ მოქმედება და გავაკეთოთ რაიმე საპასუხოდ. ხმაური, რომელმაც მსოფლიო მოიცვა ვერ შეგვიშლის ხელს, ჩვენი საბრძოლო მისიების შესრულებაში“, - განაცხადა პუტინმა.