The Insider: კრემლთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქები, რომლებიც რუსული არმიის მიმწოდებლები არიან, ლატვიაში ბიზნესს განაგრძობენ და ევროკავშირის თანხებსაც ითვისებენ

The Insider: კრემლთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქები, რომლებიც რუსული არმიის მიმწოდებლები არიან, ლატვიაში ბიზნესს განაგრძობენ და ევროკავშირის თანხებსაც ითვისებენ

კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქები, ისკანდარ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი ლატვიაში აქტიურად განაგრძობენ საკუთარ საქმიანობას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი ავრცელებს.

გამოცემა The Insider-ი წერს, რომ ლატვიის ხელისუფლება ბოკარევსა და მახმუდოვს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ არ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რუსული არმიის მიმწოდებლები არიან. მეტიც, ოლიგარქები კვლავ იღებენ დაფინანსებას გრანტების სახით ევროკავშირისგან, რომელსაც ლატვიის ხელისუფლება ანაწილებს.

ბოკარევი და მახმუდოვი კრემლის დიდი ხნის მეგობრები არიან. ისინი რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო კონტრაქტორები გახდნენ.

აღნიშნული ოლიგარქები ასევე არიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმწოდებლები. „კალაშნიკოვის“ კონცერნში მათი ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი ალექსეი კრივორუჩკო იყო, რომელიც ამჟამად რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.

ბოკარევმა და მახმუდოვმა „კალაშნიკოვის“ კონცერნი დატოვეს, თუმცა განაგრძეს დიზელის მიწოდება რუსული სამხედრო ხომალდებისთვის კომპანია Kolomensky Zavod-ის მეშვეობით.

ბოკარევისა და მახმუდოვის საქმიანი კავშირები ბალტიის ყველა ქვეყანას მოიცავს. ლატვიური კომპანია (RER), რომელსაც რუსი ოლიგარქები აკონტროლებენ, მთელ ევროპაში მუშაობს.

მაისში კომპანია RER-მა, რომელიც ელექტრომოწყობილობებს აწარმოებს მატარებლების, მეტროს ვაგონებისა და სხვა საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკაში ტროლეიბუსებისა და ელექტროავტობუსების ახალი ელექტროძრავა წარადგინა.

გარდა ამისა, RER-ი დაფინანსებას იღებს ევროკავშირისგან. კომპანია ლატვიის საინვესტიციო და განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით ევროკავშირის მეწარმეობის მხარდაჭერის ფონდების მიერ გამოყოფილ თანხებს ითვისებს. ევროპელი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე რუს ოლიგარქებს 527 000 ევრო გამოეყოთ.

ალექსეი ნავალნის მოწოდების მიუხედავად, ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებია სანქციები ბოკარევისა და მახმუდოვისთვის. ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის სასანქციო სიებში ჩნდებიან.