მე ვიცი, ვინ აღარ უნდა იყოს მსხვილი, დასავლური პარტიის სათავეში - ნიკანორ მელია, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„თითქმის ყველა გაექცა, აბსოლუტურად ყველასთან კონფლიქტი მოუვიდა. ნონა მამულაშვილი იყო, გიორგი მუმლაძე იყო, გიორგი ჩალაძე... იმის მაგივრად, რომ ასეთი თავები მოიზიდო, შენი პარტიიდან ასეთი ინტელექტუალი ადამიანები გარბიან. ყველასთან კონფლიქტი მოუვიდა. ყველას რაღაც უთანხმოება ჰქონდა ამ ადამიანებთან, მას უჭირს კომუნიკაცია, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კი არ უჭირს, სხვა მიზნები ჰქონდა.
რეიტინგები რომ აიღოთ, ამ ბიჭის ხელში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი განახევრდა, მეტიც, კიდევ უფრო ქვემოთ წამოვიდა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის „განსაკუთრებულ თვისებებზე“ ვერ ისაუბრებს, თუმცა იგი „ძალა ერთობაშია“ ფორმატის მხარდამჭერია.
მისი თქმით, ნიკა მელია რომ პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო, „ქოცებს გადააჭარბებდა“.
„კამათიც კი მომსვლია ლევან ხაბეიშვილთან, იმ პერიოდში, როცა ნიკას კრიტიკა დავიწყე, ლევანი ჯერ კიდევ თავს იკავებდა. მე არ შემიძლია ვისაუბრო მის განსაკუთრებულ თვისებებზე, მე შემიძლია ვისაუბრო, რომ ის მონდომებულია „ძალა ერთობის“ ფორმატში მოვიდეს, რაც ნიკა მელიამ თავზე ჩამოგვალეწა იმიტომ, რომ შეუძლებელია სულ ყველასთან ჩხუბობდე, კონფრონტაციაზე იყო და მერე ილაპარაკო „ძალა ერთობაზე“. ამ ბიჭმა დააძინა პროცესი. არ იქნება ეს კარგი საქართველოსთვის, საქართველო არის საომარ მოქმედებაში რუსეთთან, ჩვენ არ გვაწყობს, კოლაბორაციონისტული ხელისუფლების დროს, დაიძინოს დასავლური ვექტორის პარტიამ.
გუშინ საინტერესო გამოსვლა ჰქონდა კაპანაძეს, რომელმაც თქვა, რომ არჩევნები რომ ჩატარდეს, დროებით ეს კაცი ხომ უნდა გადადგესო. მოქმედი თავმჯდომარე თვითონ ჩაატარებს? - რა ხდება საერთოდ, გამაგებინეთ? თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს ადამიანი რომ შემოგვპაროდა პრემიერად? ჩათვალეთ, რომ გადააჭარბებდა „ქოცებს“, ხომ ვერავინ ვერ აადღლიზავდა სავარძელს“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.