ამ შემთხვევაში მეტწილად საქმე გვაქვს ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ კამპანიასთან. ისინი მოქმედებენ ნაცნობი გზებით და ცდილობენ, რომ ნებისმიერ ხერხით მოიპოვონ ძალაუფლება და ეს ყველაფერი მათი გადმოსახედიდან შესაძლებელია განხორციელდეს ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ, - ამის შესახებ იუსტიციი მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ როდესაც სააკაშვილი ჩამოვიდა, მათი გათვლა მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა და ნებისმიერი, მათ შორის ძალადობრივი გზით შეცვლილიყო ხელისუფლება და ისინი მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და გაეკეთებინათ, რა და როგორც უნდოდათ. ეს ყველაფერი კი, მშვიდობის, სტაბილურობის ხარჯზე. თუმცა, შსს-ს და სუს-ის გამართული მუშაობის შედეგად, მათ ეს იაფფასიანი ნომერი არ გაუვიდათ და ნაცვლად ხელისუფლებაში მისვლისა, ეს ადამიანი აღმოჩნდა ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. თავდაპირველად იყო ძალიან ბევრი მცდელობა სხვადასხვა პროვოკაციული გზებით რომ ის გამოსულიყო გარეთ, თუმცა ვერც ამ მეთოდებმა ვერ გაჭრა და დარჩა ჯანმრთელობით მანიპულირება და ჯანმრთელობის პოლიტიზება. მსჯავრდებულმა სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა და ამ დღიდან მოყოლებული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის უფლების რეალიზებისთვის“, - განაცხადა ბრეგაძემ.