გიორგი ცხვიტავა: სამწუხაროდ, უკვე 33 მებრძოლი დაკარგა საქართველომ. საქართველო იხდის ძალიან მაღალ ფასს თავისუფლებისთვის და მისი შვილები განაგრძობენ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკრაინაში

გიორგი ცხვიტავა: სამწუხაროდ, უკვე 33 მებრძოლი დაკარგა საქართველომ. საქართველო იხდის ძალიან მაღალ ფასს თავისუფლებისთვის და მისი შვილები განაგრძობენ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკრაინაში

სამწუხაროდ, უკვე 33 მებრძოლი დაკარგა საქართველომ. საქართველო იხდის ძალიან მაღალ ფასს თავისუფლებისთვის და მისი შვილები უნიფორმებში განაგრძობენ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკრაინაში, - ამის შესახებ სამხედრო მიმომხილველმა გიორგი ცხვიტავამ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება უშუალოდ ბახმუტთან ბრძოლას, მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი ამჟამად ბახმუტია, რადგანაც ეს არის დონეცკის ოლქის შემდგენელი ნაწილი. ქალაქი არის ძალიან მნიშვნელოვან, საკვანძო სარკინიგზო ხაზთან და სწორედ მისი გავლით ხდება დაკავშირება ლისიჩანსკთან, სევეროდონეცკთან, სევერსკთან, სლავიანსკთან, კრამატორსკთან და კონსტნტინოვკასთან. სევერსკი და კონსტანტინოვკა არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთები იმ თვალსაზრისით, რომ მომარაგებისთვის ძირითადი სახმელეთო გზა არის უკრაინისთვის. რაც შეეხება იმას თუ რა იქნება ბახმუტის დაცემის შემთხვევაში, ცხადია, რუსეთს ექნება გზა კრამატორსკისკენ და იქ დატრიალდება საშინელება“, - განაცხადა ცხვიტავამ.

3 დეკემბერს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას მათი თანამებრძოლები ავრცელებენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო დეტალებს არკვევს. გავრცელებული ინფორმაციით, 5-ვე ქართველი ბახმუტთან რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერიშს შეეწირა.