პირველი რიგის მიზანი, ამოცანა და გეგმა იყო მიშას ჩამოყვანა და საქართველოს არევა, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მიშა დააკავეს, აღმოჩნდა ციხეში და იხდის სასჯელს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც მიდის სასამართლო პროცესები. ამის შემდეგ ამდენი გეგმა გაგახსენდებათ, იმდენი კრახი იყო მათ ანგარიშზე - მთელი ეს აქციები, სხვადასხვა პიარ კამპანია. იმის შემდეგ სულ იყო მცდელობა ამ ქვეყნის ტურბულენტურ მდგომარეობაში მოხვედრისა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე გიული ალასანიას მიერ საკონსულტაციო კამპანიასთან კონტრაქტის გაფორმება ავადმყოფობის გაპიარებისთის ლობისტების დაქირავების მსოფლიოში პირველი შემთხვევა უწოდა.
გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას. თუმცა გიული ალასანიამ უარყო, რომ ის ლობისტური კომპანიაა. მისი მტკიცებით, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი უნდა გახადოს.
ამასთან, გიული ალასანიას მიერ ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავების შემდეგ უცხოურ ონლაინ პლატფორმაზე პირველი შეკვეთილი სტატია გაჩნდა.