”ევროპელებს ზედმეტს ვერაფერს მოვთხოვთ, რასაც გადმოგვიგდებენ, იმით დავკმაყოფილდებით, ასეთია დღევანდელი რეალობა. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, ამის შანსი გვქონდა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად, რუსეთი გარკვეული დროის განმავლობაში ნირწამხადი იყო, მაშინ საქართველომ დივიდენდების მოპოვება შეძლო, არც თუ შთამბეჭდავის, თუმცა დღევანდელი ვითარებით, ანუ, იმ პოლიტიკის შედეგად, რასაც მიხეილ სააკაშვილი აწარმოებს, ქვეყანამ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე კრახი განიცადა”, -აცხადებს ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.
ახლა, მინდა ევროპასთან ასოცირებულ წევრობაზე გკითხოთ, რამაც მაპის მიღების დროინდელი აჟიოტაჟი გამახსენდა, რომ ნატოში შესვლაზე უფრო “მაგარი” რამ დავიმსახურეთო, მაპის არ იყოს ეს ახალი სტატუსი რისი მაქნისია და რისთვის მოგვანიჭეს?
- მაპის არ იყოს წინ გადადგმული ნაბიჯია, ამ სტატუსის მინიჭება ევროპასთან ინტეგრაციისთვის ხდება.
ახლა, ჩვენ ევროკავშირს თურქეთივით პრეტენზიებს ვერ წავუყენებთ, იმიტომ რომ, ჩვენგან განსხვავებით თურქეთი ანგარიშგასაწევ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და მას განვითარების ვერც ერთ სფეროში გავუწევთ კონკურენციას. ამ სტატუსის შემდეგ, ისევ დაგვაკვირდებიან როგორ ვითარდება ქვეყნაში დემოკრატია, როგორია სამართლებრივი გარემო, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რა მაჩვენებლები გვექნება სამომავლოდ. ევროპასთან ასოცირებულობა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერჯერობით საქართველო კავკასიაში ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანაა.
მაშინ ასეთი შთამბეჭდავი დელეგაცია აშშ-დან და ევროპიდან რისთვის გაისარჯა?
- კავკასიაში ფეთქებადსაშიში გარემოებაა, ყარაბახის კონფლიქტის განახლებას მოელიან, ჩრდილოეთ კავკასიაშიც დაძაბულობა დღითი-დღე მატულობს, ყარაბახის კონფლიქტი თუ გაღვივდა ძალიან ცუდად იმოქმედებს მთლიანად რეგიონზე. აქ ჩაერთვება თურქეთი, რუსეთი, ირანი. შექმნილ ფონზე მნიშვნელოვანია სამმა ბუმბერაზმა რესპუბლიკამ დაინახოს, რომ მათი პრობლემებით რეალურად არის დაინტერესებული დასავლეთი. დასავლეთმა დაიწყო ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმა.
გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კუშნერის ვიზიტი და მისი განცხადებები, მან ობიექტურად და კონკრეტულად ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში არსებობს: დემოკრატიის დაბალ ხარისხზე, ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემატიკაზე, მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოში ოპოზიციური ძალებისთვის არ არის თანაბარი პირობები, მათი უფლებები მინიმალურადაც არ არის დაცული, კუშნერმა პირდაპირ განაცხადა, რომ დემოკრატიას დასაველთი ვერ ჩამოგიტანთ და ვერ მოგცემთ. ქართულ საზოგადოებრიობას გააქტიურებისკენ მოუწოდა.
ასე რომ, კონფლიქტის გასაღებებზე საუბარი და აშშ-ს, დასავლეთის, ან რუსეთის იმედად ყოფნა 21-ე საუკუნის პოლიტრეალიებში. ჩვენი მხრიდან, უბრალოდ, პარაზიტობაა და ცხადია, სიკეთეს არ მოგვიტანს.
ევროპული დელეგაციის მხრიდან ძირითადი აქცენტები კეთდებოდა, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობს უნდა გადახედოს და ნორმალიზებისთვის იზრუნოსო, ამ გზავნილს როგორ შეაფასებ?
- ამას ყველა ისეც კარგად ხვდება, თუმცა რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ან ვერ სურს. არ სურს რუსეთს იმიტომ რომ დე-ფაქტო სიტუაცია მის სასარგებლოდ არის, მოგებულ, უპირატესულ პოზიციაში და რატომ აიტკივოს თავი, როდესაც აქვს ის, რისი ხელში ჩაგდებაც სურდა. რაც შეეხება სააკაშვილს, რუსეთთან მისასვლელი გზა რამდენჯერმე მოისპო თავისი უპასუხისმგებლო განცხადებებით. ჟენევის ფორმატში კონფლიქტის გადაწყვეტა არ არის საკმარისი მექანიზმი, იმედი მაქვს დროთა განმავლობაში კონფლქტის დარეგულირებას მაინც შევძლებთ.
არც თუ დამაიმედებელ პროგნოზებს გვთავაზობენ ექსპერტები, ხოლო პოლიტიკოსები დროის გაყვანის ტაქტიკას ადგანან, ახლა, ცივილიზებულ ქვეყნების მაღალ ჩინოსნებთან ერთად გვთავაზობენ რაღაც შუალედურ სტატუსებს: მაპს, ევროპასთან ასოცირებულობას...
დღესდღეობით, ცივილიზებული მსოფლიო თვალში საქართველო სამოსანი მოსწავლის დონეზე დგას, არც წყაწაღებული და უიმედო და ვერც კარგი „მოსწრებით“, ამ შემთხვევაში ქცევით გამორჩეული. აღიარება გვიჭირს, თორემ ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო რუსეთს ანგარისგასაწევ ძალად მოიაზრებს, ჩვენ შანსი არ გამოვიყენეთ, დრო დავკარგეთ.
2003 წელს და ინერციით კიდევ რამოდენიმე წლის პერიოდშიც, საქართველო კავკასიის რეგიონში დემოკრატიის შუქურად იყო გამოცხადებული, თუმცა “ ამჯერად ქლინთონს ათასობით მოზეიმე ქართველისთვის სიტყვით არ მიუმართავს ისე, როგორც 2005 წელს საქართველოში ჩამოსულმა ყოფილმა პრტეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააკეთა. ვაშინგტონში გაფრენამდე კლინტონი ორ საკვანძო ფიგურას შეხვდა და ქვეყნის დემოკრატიზაციის მხარდასაჭერად უფრო მეტი ფულის გამოყოფას შეპირდა” – აქვეყნებს „ფორეინ პრესი”.
ისიც უნდა ითქვას, ევროგაერთიანება არანაკლები მონდომებით და სიბეჯითით ახორციელებს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას „ივნისში გადაწყდა და ევრო გაერთიანება უსაფრთხეობის ერთობლივ სტუქტურებს ქმნის, უკვე 5 პუნქტიანი გეგმა არსებობს. ასე რომ, რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს ევროპასთან, მათ შორის, სამხედრო სფეროში: ოპერაციების ჩატარებაში და ა.შ. მადლობას ეუბნებიან. ამ ფონზე მიღებულია ძალიან სწორი გადაწყვეტილება ევროგაერთიანების ლიდერების მხრიდან, რომ სამხრეთ კავკასიას მეტი და მეტი ყურადღება დაეთმოს. როგორც არა ერთი მაღალი რანგის დიპლომატებს უთქვამთ ჩემთვის პირად საუბრებში, 2007 წლის 7 ნოემბრიდან საქართველო უკან-უკან მიდის”, - აცხადებს პარლამენტარი პეტრე მამრაძე.
ევროპული ტურნეები საქართველოში რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისკენ მოწოდებად მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილსაც.
ცხადია, ექსპერტებმა ისეთი რანგის პოლიტიკოსის შეფასებისას როგორიც ჰილარი ქლინთონი და მასთან ერთად ევროპული შთამბეჭდავი დელეგაციაა დელიკატურობა შეინარჩუნეს, ხოლო ვისაც არ ჰქონდა დასაკარგი, უფრო მეტიც, დისკრედიტირებული აღმოჩნდა ქართული ოპოზიციური სპექტრი იყო. ვერაფერი გააწყვეს და ერთმანეთის განადგურების უკვე „ჩამოყალიბებულ“ სტრატეგიას მიმართეს.
ნინო ბურჯანაძემ შეუვალობას არ უღულატა, მით უფრო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნისას განიმტკიცა ამგვარი იმიჯი და გონორიც დღითიდღე მოიმატა, ქლინთონის შეხვედრაზე შეთანხმებული ბურჯანაძე საბოლოოდ „მოტეხეს”, ვინ? ამის გარკვევა ახლა რთულია, პრეცედენტი გვაქვს იმის, რომ დღემდე იდუმალების ბურუსშია გახვეული ვინ შეარჩია თარგამაძის და ალასანაის კანდიდატურები სახელმწიფო მინისტრთან აუდიენციისთვის? ჩვენმა თადარიგიანმა ხელისუფლებამ თუ ქვეყანაში დემოკრატიის მონიტორინგის მიზნით ჩამოსულმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა?
თავის მხრივ, აღშფოთებულმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ალასანია ვერ მასწავლის როგორ უნდა ვიბრძოლო ამ რეჟიმის წინააღმდეგ, კონსტიტუციური თუ კანონსაწინააღმდეგო გზით, სანამ პირში სული მიდგას არ გავჩერდები, ის ქალი არ ვარ, ზოგიერთებისგან განსხავავებით ცალ-ცალი „კალოში”, რომ ეცვათ სანამ პარლამენტში მოხვდებოდნენო.
კონსერვატორებმა, რა თქმა უნდა, დაგმეს კოლეგა-ოპოზიციონერის გამოსვლა, თუმცა დასძინეს: „ჰილარი ქლინთონი ხელისუფლების სატელიტ ძალებს შეხვდა, როცა თარგამაძე და ალასანია იწვიაო”.
როცა ქვეყნის პირველი პირი „ირანიზაციისთვის“, უფრო სწორად და პოლიტკორექტულობისთვის აღსანიშნავად უნდა ჩავასწორო, ჯერჯერობით მხოლოდ ირანთან ურთიერთობების განტკიცებისთვის იბრძვის, სექტემბრიდან უვიზო მიმოსვლას აფორმებს, ხოლო პარალელურ რეჟიმში უფრო და უფრო დისტანცირდება თეთრი სახლისგან, რას აკეთებენ მაშინ ქვეყნის შიგნით არსებული ე.წ. ალტერნატიული ძალები? მითუმეტეს, პოლიტიკურად ცხელი ზაფხულის პირობებში, როცა დელეგაცია-დელეგაციაზე ჩამოდის, თუ „ცხელათ“ დასვენებისთვის და რატომ არიან თამაშგარე მდგომარეობაში, ახლა მაინც თუ გამოიყენებენ რესურსებს, 2008 წლის აგვიტოსგან განსხვავებით, როცა მოვლენებს ხელისუფლების თვითნებობას აბრალებდნენ?
რესპუბლიკური პარტია თინა ხიდაშელი:
- დავისვენებთ მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში, ერთი წავა, მეორე ჩამოვა და ა.შ. შვებულების საზღვარგარეთ გატარებას არ ვაპირებთ. საქართველოს არ დავტოვებთ, არც „ოფისს“ დავცლით, მუდმივად გვეყოლება წარმომადგენელი.
როცა შეგეძლოთ რატომ ვერ გამოიყენეთ შანსი, თუნდაც სულ ცოტა ხნის წინ, ჰილარი ქლინთონს რეალური საქართველოს სახე ვერ აჩვენეთ, მაშინ როცა, უკრაინული ტურნეს პირობებში მას ტრანსფარანტებით შეხვდნენ, ნუთუ ჩვენს ოპოზიციას არ შესწევს უნარი სამასიოდე კაცს მაინც მოუყაროს თავი და „იდილიური“ საქართველოს სურათი არ შევქმნათ?
- კომენტარს არ ვაკეთებ რა მოხდა უკრაინაში.
არ მესმის, ვერ ვხვდები კითხვის ფორმულირებას, ამის მოტივაცია არ გვქონია. ახლა, ჰილარი ქლინთონს ტრანსფარანტებით დავხვედროდით? ასეთი რანგის პოლიტიკოსთან ტრანსფარანტებით შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
კონსერვატიული პარტია კახა კუკავა:
- სწორი შენიშვნაა, არ მოგვფიქრებია ამგვარი დახვედრა, მომავლისთვის გავითვალისწინებთ, კარგი იდეას.
რაც შეეხება, საზაფხულო შვებულებას არ ავიღებთ, იმიტომ რომ, გავაგრძელებთ შრომას, პოლიტიკას, შემოდგომისთვის მზადებას.
„ეროვნული ფორუმიდან“ ჩვენს შეკითხვებს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მაგდა პოპიაშვილმა უპასუხა:
- არ ვიცი, როდის ავიღებთ შვებულებას, შესაბამისად, ჯერჯერობით არდადეგები არ გვაქვს გამოცხადებული, ალბათ, ერთი კვირა დავისვენებთ მხოლოდ. რაც შეეხება, სხვა კითხვებს მეეჭვება ამ საკითხზე “ფორუმიდან” ვინმემ კომენტარი გააკეთოს.
ორგინილობისთვის არც ახლა უღალატიათ ”ლეიბორისტებს” მათ უცხოური დელგაციის მოზღვავება მაგისტრალის გაყიდვის საშიშროებას დაუკავშირეს. ამავე დროს, სააკაშვილის მცდელობას დაუახლოვდეს ირანის ხელისუფლებას ბარაქ ობამას ჯინზე. სწორედ ამ ფაქტების გამო მოხდა გაცხოველებული ვიზიტები საქართველოში.
ამას გარდა, როგორც ჩანს, ევროპისათვის და აშშ-თვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზსადენი, როგორც სტრატეგიული ობიექტი დარჩეს საქართველოს საკუთრებაში, ასე რომ, საქართველო კი არა, საქართველოს ხელისუფლება არ დაუხლოვდეს ირანს”, - სოსო შატბერაშვილი.
შვებულების თემაზე საუბრისას შატბერაშვილმა განაცხადა, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ არ დაუსვენია 2003 წლის 23 ნომებრის შემდეგ, არ დაგვიძინია და საერთოდ რა მოგვასვენებს, როცა დაღუპულები ვართო. პირველობა კოლეგებისთვის არც ახლა დაუთმიათ „ლეიბორისტებს“ და სოსო შატბერაშვილმა ჩვეულ სტილში განაგრძო: „ჩვენმა პარტიამ გააკეთა ის, რაც აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანას გაუკეთებია.კერძოდ, 2005 წელს 10 ათას კაციანი მიტინგი, თანაც ბუშის წინააღმდეგ მოვაწყვეთ, ეს პოლიტიკური გმირობის ტოლფასი იყო.
რაც შეეხება, ჰილარი ქლინთონს, ნათელაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე, ის შეხვედრაზე მიწვეული არ იქნებოდა. საქართველოში არსებული სიტუაციის გასაცნობად, ჩვენ გავამზადეთ წერილი ჰილარი ქლინთონისადმი, რომელიც პირადად გადასცა ხელიდან ხელში ლიდერი ქალების შეხვედრისას ნესტან კირთაძემ. ასე რომ, ჰილარი ქლინთონი თუ დაინტერესდება მოთხრობილია იმ წერილში, რომ საქართველოში დემოკრატიის ნასახი არ არის”
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” პეტრე მამრაძე:
„პირადად მე არ ვაპირებ შვებულებაში გასვლას. სამუშო ძალიან ბევრი დამიგროვდა, ვწერ, ვეცნობი მასალებს, ვაანალიზებ.
ჩვენს პარტიაში ასეა: რაღაც ნაწილი რჩება ოფისში, ყოველთვის არის მორიგეობა, თან დღეს ქვეყანა ისეთ ფაზაშია, შეიძლება რაღაც ყოველთვის მოხდეს, სამწუხაროდ.
რაც შეეხება საზღვარგარეთ დასვენებას,ამის საშუალება პირადად არც მაქვს, მეტად ძვირი საშუალებაა, ფუფუნებას წარმოადგენს, თუ გვეყო სახსრები, შეიძლება ჩემი ქალიშვილი (15 წლისაა), წავიდეს ლიტვაში მუსიკალურ კონკურსზე. ეს არის მაქსიმუმი, რაც ჩემს პირობებში შეიძლება გავწიო.
რაც შეეხება ჰოლარი ქლინთონის ვიზიტს, კითხვაც არ მესმის თქვენი, იმიტომ რომ, აშშ ერთადერთი ქვეყანა იყო, ვინც აგვისტოს ავინტურის პირობებში მილიონიანი დახმარება გაგვიწია. აშშ-ს ხელისუფლება ეხმარება ჩვენს ხალხს და არა სააკაშვილის რეჟიმს, ქლინთონს დავალება აქვს 2-3 თვეში ერთხელ მოახსენოს სენატს რა მდგომარეობაა ქვეყნაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. საპროტესტო გამოსვლები ჰილარი ქლინთონის წინააღმდეგ?
ჩვენ არანაირი მოთხოვნა არ გავქვს, რომ შევხვდეთ რომელიმე კონკრეტულ წარმომადგენელს, (სხვათა შორის, ნოღაიდელი კარგად იცნობს ჰილარი ქლინთონს და შეხვედრია მას) მეტსაც გეტყვით, მოთხოვნა, რაც უცხოური დიპლომატიური კორპუსისგან მოვისმინეთ,რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაა, ჩვენმა პარტიამ დიდი ხანია წამოაყენა. დღესდღეობით იგივეს მოითხოვს თეთრი სახლი, ოღონდ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, არავის არასოდეს ხელს არ გადაუგრეხენ. აშშ-ს კონსტიტუცია ამას გამორიცხავს.
მაშინ რა ნიშნით შეირჩა ქლინთონთან აუდიენციისთვის ორი პოლიტპარტიის ლიდერი ალასანია და თარგამაძე?
- ასეთ მსჯელობებზე დროსაც არ ვკარგავ, თუმცა ვვარაუდობ, იმ ნიშნით, რომ ესენი არიან პარტიის ლიდერები, ვინც არჩევნებში მეორე და მესამე ადგილი დაიკავა.
P.S.- ჩვენი პოლიტსპექტრის გადამკიდე აღმოხდება კაცს: ომი დამთავრდა და მშვიდობის არ უნდა გვეშინოდეს, ხალხო?!