ყველა საკითხი, რომელიც ეხება უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს, საჯარო სივრცეში უნდა განიხილებოდეს, - ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან საუბარში ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ იღებდა გარკვეულ სიგნალებს სხვა ქვეყნების ლიდერებისგან რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან აგრესიულ ომს, ამიტომ ნებისმიერი მოლაპარაკებები უნდა მიმდინარეობდეს საჯაროდ, და არა კულუარებში.
ზელენსკის განცხადებით, იმისთვის, რომ მსოფლიო ლიდერებს არ დარჩეთ პასუხგაუცემელი კითხვები უკრაინის მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის თაობაზე, „დიდი ოცეულის“ სამიტზე მან მშვიდობის დამყარებისთვის აუცილებელი 10 ნაბიჯი დაასახელა.
„ჩემი აზრით, ეს არის მშვიდობის ფორმულა მთელი მსოფლიოსთვის. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, იპოვოს იქ საკუთარი თავი და გამოიჩინოს ლიდერობა ამა თუ იმ ინიციატივაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.