„ის [ლევან ხაბეიშვილი] ამბობდა საჯაროდ, რომ არ უნდა, თუმცა, გამოჩნდა, რომ ძალიანაც უნდოდა გამხდარიყო პარტიის თავმჯდომარე და დადასტურდა ასევე, რომ ეს იყო სწორედ ამ ჯგუფის მიერ წამოწყებული სპეცოპერაცია პარტიის შიგნით მელიას წინააღმდეგ და ასევე პირდაპირ დადასტურდა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ირჩევს უფრო მეტ აგრესიას. ანუ, გადაირჩევს აგრესიას და აირჩევს უფრო მეტ აგრესიას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარედ აირჩევს იმას, ვინც უფრო აგრესიულია და ვინც უფრო მეტ ბრალდებას აჟღერებს ხელისუფლების მისამართით.
„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ, ვინც უფრო აგრესიულია, ვინც უფრო ხმამაღალ ყვირილს შეძლებს და ვინც უფრო მეტ უსამართლო ბრალდებებს გააკეთებს ხელისუფლების მისამართით, მას დარჩებოდა ადგილი, რომელსაც მელია გამოათავისუფლებს. ასეთი, როგორც ხედავთ, სავარაუდოდ აღმოჩნდება ლევან ხაბეიშვილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ რა თქმა უნდა ვერ გადაარჩენს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები. მას აქვს ფუნდამენტური პრობლემები: - 1. არ ჰყავს მომავლის ლიდერები გუნდში; 2. არ აქვს მომავლის დღის წესრიგი; 3. ის მუშაობს საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ეს არაერთხელ დაადასტურეს თავიანთი საქმით“, - აღნიშნავს თალაკვაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა.