დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ არ ემსახურება რეალურ დეოლიგარქიზაციას ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ყველასთვის ცხადია, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ფლობს განუზომელ ძალაუფლებას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, სასამართლო ხელისუფლებაზე და მედია საშუალებებზე არის ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ წარმოდგენილი კანონპროექტით ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს პასუხისმგებლობა ბიძინა ივანაშვილმა თავიდან აირიდოს. ჩვენ არ ვაპირებთ აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ოლიგარქთა რეესტრს, პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს - ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტში ცვლილებები შევა. პარლამენტის წევრებს საბოლოო რედაქცია კენჭისყრისთვის დღეს წარედგინებათ.