სუბიექტურად, დიდი სიამოვნებით ვიზრუნებდი „ნაციონალური მოძრაობის“ გამოუვალ მდგომარეობაზე, როგორც პარტიაზე, რომელმაც დიდი დაღი დაასვა ქვეყანას,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არა პარტია, არამედ მედიაპროდუქტია.
„სუბიექტურად, დიდი სიამოვნებით ვიზრუნებდი „ნაციონალური მოძრაობის“ გამოუვალ მდგომარეობაზე, როგორც პარტიაზე,რომელმაც დიდი დაღი დაასვა ამ ქვეყანას, თუმცა, არ ვაპირებთ, გარდა ასეთი კომენტარებისა მათ საქმეში ჩარევას, ზედმეტ კომენტირებასაც კი. ვფიქრობ, რომ ეს არის ვირტუალური პარტიის პოლიტიკური ცხოვრების ლოგიკური დასასრული. რომ არა მათი მედიასაშუალებები, „ნაცმოძრაობა“, როგორც ორგანიზაცია, არ არსებობს. ეს არის უკვე ვირტუალური პარტია, „მედიაპროდუქტი“, რომელსაც აცოცხლებენ ტელევიზიები, რომლებიც ფინანსდებიან ოლიგარქების მიერ ნაძარცვი ფულით. წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობდეს ოლიგარქიული გავლენის ქვეშ მყოფი სამი ტელევიზია „ნაცმოძრაობა“ რამდენპროცენტიანი პარტია იქნებოდა, რომელიც სამწუხაროდ დღეს კვლავ მეორე ადგილზეა ყველა რეიტინგში. ეს არის მედიაპროდუქტი, რომელსაც როგორც კი ერთი თვის განმავლობაში ყურადღებას არავინ მიაქცევს, პარტია აღარ იარსებებს“,- აღნიშნა მდინარაძემ.