არასამთავრობოებს მოვუწოდებ, სად არიან, ევროკომისარზე გუშინ თავდასხმა რომ მოაწყო „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალებმა, მათ შორის უკვე ჩამოშორებულებმა, ქალბატონმა სამადაშვილმა? ეს სამარცხვინო იყო!, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
პარლამენტის წევრი გამოეხმაურა საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ვიზიტს და აღნიშნა, რომ თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, „ეს იქნება პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის სინდისზე და ეს იქნება დამსახურება იმ ფასიანი ლობისტების, კუბილიუსების და ფოტიგების, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ ჰყავს“.
„გუშინ თქვენ ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ევროკომისრის, რომელიც საქართველოში იყო და ის მესიჯები, რომლებიც გაჟღერდა. ჩემი აზრით, აქ ყველაფერი ნათელია, ერისთვის და ბერისთვის. მმართველი პარტია ვამბობდით, რომ მთელ რიგ საკითხებში წინ ვართ წასული, მათ შორისაა სასამართლოს რეფორმა, ეკონომიკური ზრდა, ასევე მოწინავე პოზიციებზე ვართ სხვადასხვა რეიტინგებში და ამას რადიკალური ოპოზიცია არ იზიარებდა, რადგან მათი ინტერესი სრულიად სხვა იყო. გუშინ ევროკომისარმა ამას წერტილი დაასვა, რადგან თქვა, რომ დიახ, მე საქართველოში ვარ და იგრძნობა განვითარება, ოპოზიციას მოუწოდა, რომ საბოტაჟს შეეშვას და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში შეეხიდოს ხელისუფლებას. ჩემი აზრით, ეს მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის ნათელი და ყველაფერზე ყოვლისმომცველი მესიჯი იყო. არ დარჩა კითხვის ნიშნები! ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის სანუკვარი ოცნებაა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო დაწინაურდეს და კიდევ ერთხელ ვამბობ, მმართველი პარტია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ზედმიწევნით ახდენს. თუ განსხვავებული შედეგი დაფიქსირდა, ეს იქნება პირდაპირ ამ რადიკალების, რადიკალური ოპოზიციის სინდისზე, ეს იქნება დამსახურება იმ ფასიანი ლობისტების, კუბილიუსების და ფოტიგების, რომლებიც მათ ჰყავთ. ამას ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ბატონი ევროკომისარი არ არის „ქართული ოცნების“ წევრი და არც ჩვენი მხარდამჭერი. ის საკმაოდ კრიტიკული იყო სხვადასხვა პერიოდში, თუმცა როცა არის განვითარება, წინსვლა, რეფორმის შედეგი, ამას ევროპა ობიექტურად აღიარებს, არა პოლიტიკურად ანგაჟირებული, როგორებიც არიან ევროპარლამენტარის ეს ჯგუფები, ვინც ჩამოვთვალეთ, არამედ ევროკომისარი,“ - განაცხადა ზარქუამ.
„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ოპოზიციის ინტერესებშია, როგორმე ესკალაცია გამოიწვიოს და რევოლუციური სცენარი განავითაროს, რისი საფუძველიც ქვეყანაში არ არსებობს.
„მინდა გამოვეხმაურო სამარცხვინო ფაქტს, რაც გუშინ ქალბატონი სამადაშვილისგან მოვისმინეთ. მე არ ვიცი ეს ადამიანი, როგორ იყო ევროკავშირში ჩვენი დიპლომატი და სახე. გუშინ რა იკადრა, როგორ გამოხტა, არაადეკვატურობაა. ცოტა სინდისი იქონიეთ, სახე შეინარჩუნეთ, მეტი არაფერი. ადამიანი ევროკომისარია, რომელიც ობიექტურად მიმოიხილავს და ობიექტურად ასახავს იმ გამოწვევებს და მიღწევებსაც, რაც რეალობაა. რა იყო ის გუშინ? რადგან მისი განცხადებები არ მოგეწონათ, თავდასხმა „მოსულა“? სად არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებენ, როცა ფოტიგას და ბატონ კუბილიუს სამართლიანად შენიშვნას ვაძლევთ ან მივუთითებთ, რომ სიმართლე ილაპარაკონ. მაშინ რომ გამოხტებიან, ის რა იყო რაც გუშინ მოხდა, ეს მისაღებია?
არასამთავრობოებს მოვუწოდებ, სად არიან, ევროკომისარზე გუშინ თავდასხმა რომ მოაწყო „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალებმა, მათ შორის უკვე ჩამოშორებულმა ქალბატონმა სამადაშვილმა? ეს სამარცხვინო იყო.
ეს იყო თქვენთვის ნიღბის კიდევ ერთხელ ჩამოხსნა. თქვენს ინტერესებში არ შედის ქვეყანა წინ წაიწიოს მმართველი პარტიის ხელში. თქვენს ინტერესებში არის, როგორმე დაძაბოთ, ესკალაცია გამოიწვიოთ და რევოლუციური სცენარი განავითაროთ, რისი საფუძველიც ქვეყანაში არ არსებობს“, - განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტიის მიერ არის წარდგენილი, რომელიც არის პუტინის პოზიციების მოკავშირე. მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ დარჩენილია მხოლოდ ორბანის პარტიის იმედად, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ვერ იქნება ძლიერი მოკავშირე.