ერთადერთი გამონაკლისი უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით გავაკეთეთ იმაში, რომ მთავრობის ნაცვლად პარლამენტი ჩავწერეთ და აქაც დავაყენე საკითხი, რომ ჩვენს შემთხვევაშიც იყოს არა პარლამენტი გათვალისწინებული, არამედ იყოს მთავრობა და მთავრობამ უზრუნველყოს ოლიგარქთა რეესტრის შედგენა, - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.
„მოველოდი, რომ იქნებოდა კონკრეტული შინაარსობრივი შემოთავაზებები, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. მედიასთან, კამერების წინ აკეთებენ კონკრეტულ განცხადებებს, რომ მათ რაღაც არ მოსწონთ. თუმცა, როდესაც რაღაც არ მოგწონს, როგორია შენი ხედვა და რა შემოთავაზება გაქვს ეს უნდა წარმოადგინო“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოლიგარქთა რეესტრს, პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს - ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტში ცვლილებები შევა. პარლამენტის წევრებს საბოლოო რედაქცია კენჭისყრისთვის დღეს წარედგინებათ.