აბესალომი და ეთერი, ტრისტან და იზოლდა, რომეო და ჯულიეტა... კინაღამ კეკელა და მარო მივაყოლე, მაგრამ რომც მიმეყოლებინა და დაუსრულებლად გამეგრძელებინა მსოფლიო ლიტერატურასა და ფოლკლორში აღწერილი ისტორიები სიყვარულისა, ერთმანეთით აღფრთოვანებისა (...რა ლამაზი ხარო), ერთგულებისა და ტრაგიკული დასასრულებისა, ამ გრძელი სიის დასასრული ასეთი იქნებოდა - „კოკი და მიშა“, თუმცაღა, ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე რეესტრში რომ შეიხედოთ და საბუთები გამოითხოვოთ, ან თუნდაც ინტერნეტში შესაბამის ვებ-გვერდს რომ ესტუმროთ, ნახავთ, რომ ერთს კონსტანტინე ქვია, მეორეს - მიხეილი.
მაგრამ ეპისტოლარული ჟანრის იმ საუკეთესო ნიმუშების გაცნობის შემდეგ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ იხილეს დღის სინათლე, ძალიანაც რომ მოინდომო, სხვანაირად მაინც ვერ იტყვი. მხოლოდ ასე - „კოკი და მიშა“.
ისე, ჩვენში დარჩეს და, ისე ჟღერს, როგორც „კეკელა და მარო“.
მერე, ერთი, უნდა გავარკვიო, ვინმეს თუ აქვს სრულად მოსმენილი ქართული ფოლკლორის ეს უბრწყინვალესი ნიმუში, რომლის მისაკუთრებაც ჯერ არც ერთ სხვა ერს არ უცდია. უბრალოდ, მაინტერესებს, შემდეგ რა ხდება - ბოლომდე უქებენ ერთმანეთს სილამაზეს თუ რაღაც მაინც ვერ გაიყვეს და წავიდა ურთიერთბრალდებები: ტურტლიანი, დაუბანელი, უცხვირპირო, მახინჯი... ეპითეტები ბევრია, ყველას ერთად, ჯამში, ერთი სიტყვა გამოხატავს - „ამაზრზენი“.
გამორიცხულია, კეკელასა და მაროს ტკბილ ურთიერთობას ასეთი დასასრული რომ არ ქონოდა, თუნდაც იმიტომ, რომ „კეკელა და მარო“ ზუსტად ისე ჟღერს, როგორც „კოკი და მიშა“, ხოლო ამ უკანასკნელის ბოლოთქმა ასეთი იყო - „ამაზრზენი ხარ, მიშა“.
მას შემდეგ ჩამი-ჩუმი აღარ ისმის, თითქოს არაფერი ყოფილა, არაფერი მოხდარა, ან, თუ მოხდა, ისეთი არაფერი - იყო კაცი პარტიაში და აღარ არის, იყო კაცი ფრაქციაში და აღარ არის. ერთდღიანი თემა იყო და თითქოს ყველას მიავიწყდა.
ორივემ გადაყლაპა. ყლაპ და... ფაფუ. ცხოვრება გრძელდება, მაგრამ თუ ნიუტონის პირველი კანონის მიხედვით, „არსებობს ათვლის ისეთი სისტემები, რომელთა მიმართაც სხეულები ინარჩუნებენ თავიანთ მუდმივ სიჩქარეს, თუ მათზე სხვა სხეულები არ მოქმედებენ, ან მათი მოქმედება კომპენსირებულია“, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, არსებობს ისეთი საძიებო სისტემები, რომლებშიც ყოველთვის შეიძლება მავანის ჭეშმარიტი სახის მოძიება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათზე სხვა სხეულები მოქმედებენ.
სხეულსაც გააჩნია და მოქმედებასაც, ანუ ზომებს და სიღრმისეულობას, მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ სხეული საკუთარ თავზე მოქმედებს, მოქმედებს საკუთარი თავის საზიანოდ და ეს ქმედება ვეღარაფრით კომპენსირდება. და აქ აქტუალური ხდება ნიუტონის მესამე კანონი, რომელიც გვამცნობს, რომ „ქმედება უდრის უკუქმედებას“.
უკუქმედება - არის ამ სიტყვაში რაღაც სკაბრეზული, ანუ უწმაწური, მაგრამ ცხოვრება ისეთი რამ არის, რომ ხშირად უწმაწურობას ვერსად გაექცევი, ხანდახან სწორედ ასეთი ხატოვანი სიტყვა-თქმებით არის ვინმეს ან რამის ზუსტად დახასიათება, რისი მაგალითიც ამ ანეკდოტის სახით მოგვეძევება - გურული შვილიშვილი ბაბუას ეკითხება: „ბაბუ, რა განსხვავებაა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის?“ ბაბუ პასუხობს: „ხომ გინახავს გზაზე ძროხის ფუნას რომ ურემი გადოუარს? ჰოდა, ერთ მხარეს მეტი რომ დარჩება, იგი ბოლშევიკებია, მორე მხარეს რომ ნაკლებია, იგენი – მენშევიკები“.
უკუქმედებაშიც ეს იკვეთება - საკუთარი თავის გაუპატიურება, ანუ ნამუსის ახდა, ძალადობა საკუთარ ადამიანურ საწყისზე.
ვის არ უნახავს, როგორ წვდება ხოლმე ერთმანეთს თმებში ორი მსუბუქი ყოფაქცევის დედაკაცი! ძველი, იტალიური ფილმებიდან მაინც გვეხსომება... ითრევენ ხოლმე ერთმანეთს და ისეთებს წამოაძახებენ, მტერს და ავს - ვერც გამოხატვის თავისუფლებას წაართმევ და ვერც შეფასების უნარს დაუკარგავ. ჯგუფურიც მინახავს (ძირითადად ინტერნეტში) და ამ დროს წარმოსახვითმა ურემმა რომ გადაუაროს... ფუნა ფუნაა.
სამართალი ურმით მოდიოდა და ნაციონალურ მოძრაობას გადაუარა.
„ყველა ძალის ჯამი, რომელიც მოქმედებს სხეულზე ტოლია მასისა და აჩქარების ნამრავლის“ - ეს უკვე ნიუტონის მესამე კანონია.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოგმართავდით ასეთ კერძო და პრივატულ თემაზე... ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე გავკადნიერდებოდი, მაგრამ ცხოვრებში ყველაფერი ხდება. საოცრად გაფასებთ, მაგრამ ამ წერილში ამაზე საუბარი არ გამომივა. მინდა გითხრათ, რომ არ ვთვლი, რომ რაიმე ისეთი მაქვს გაკეთებული, რომ ასე მომემართა თქვენთვის... მაგრამ რაც არის, არის... წერაც კი მიმძიმეს და პირადად ხომ ამის თქმას საერთოდ ვერ მოვახერხებდი. მოკლედ, პრობლემა მაქვს, ისეთი როგორც ბევრს, არაფერი ორიგინალური, ვალებმა რომ იტყვიან, დამახრჩო. მოკლედ რომ გითხრათ, მსურს გთხოვოთ დახმარება... ისეთი პრობლემური გარემო მაქვს, რომ გავკადნიერდი და მოგმართეთ...“.
„პრივატული თემა“ და „პრობლემური გარემო“ რომ არა, ვიფიქრებდი, რომ ამ უსტარმა შუა საუკუნეებიდან მოაღწია, ყმა ეაჯება ბატონს, შენი მუხლების ჭირიმე, ღალას გადავიხდი, ოღონდ ბეგარა შემიმცირეო. მარტო მე კი არა, ყველა ასე იფიქრებდა, მაგრამ „პრივატული თემა“ და „პრობლემური გარემო“ 21-ე საუკუნის საქართველოზე მიგვანიშნებს და მასში არსებულ პატრონ-კლიენტელისტური ურთიერთობის ამბავს გვიყვება.
ურემს რომ არ გადაევლო, არაფერი გვეცოდინებოდა. ახლა კი შეგვიძლია მწარედ დავტკბეთ.
„ვალში არ დაგრჩებით. ისიც მესმის, რომ იმდენად რთულ რამეს გთხოვთ, რომ თქვენი სურვილის შემთხვევაშიც კი შეიძლება არ გამოვიდეს დახმარება. ბოდიშს გიხდით, რომ ასე დაგტვირთეთ. ამ წერილს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, ვიცი“ - წერდა აწ უკვე ფუნის ერთ მხარეს დარჩენილი, აწ უკვე ფუნის მეორე მხარეს დარჩენილს.
ურემს რომ არ გადაევლო... მაგრამ, გადაიარა და ასეთ წერილებს, კიდევ ბევრი ნაწილაკი გადავა მეორე მხარეს და, ეჰეი, კიდევ რამდენ იხილავს დღის სინათლე.
იმავე წერილიდან: „მე მაქვს წილი ფირმა "საბურთალო 2007"-ში, 2 %. ამ ფირმას აქვს საკუთარი ქონება, შენობა, რომელშიც განთავსებულია ტექნიკის ჰიპერმარკეტი "გალაქსი", პეკინის 46-ში. "გალაქსი" ქირაობს ფართს ჩვენგან, აქვს 15-წლიანი იჯარა, ყოველთვიურად ვიღებ 1000 დოლარზე მეტს ჩემს წილად. შენობის ფართია თითქმის 5000 კვადრატული მეტრი, სარდაფის ჩათვლით. სხვა მეწილეებმა ახლა წილი ვერ იყიდეს. წილის გაყიდვა, ორივე პროცენტის დათმობა ჯამში მსურს 100 000 დოლარად“.
გამაყიდინეო, ანუ ვინმეს შეტენეო. ჯოკერს თამაშობდნენ, ენამიოკებოდნენ. წაგლიჯე, შეტენე... უ წიბია ჟე ვ კალოძე ძევიც ტუზოვ!
„წერაც კი მიმძიმეს და პირადად ხომ ამის თქმას საერთოდ ვერ მოვახერხებდი“ - ამ სიტყვების ავტორი, ურემს რომ არ გადაევლო, როგორ ფიქრობთ, მიწერდა იმავე ადრესატს ასეთ სიტყვებს - „ამაზრზენი ხარ, მიშა“? ან ამას თუ იტყოდა - „მას არ სურს, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს – ჩემი პარტიიდან წასვლის მიზეზები არის ის ფუნდამენტური შეცდომები, რაც მან და პარტიამ დაუშვა და არა ნებისმიერი სხვა გარემოება, მაგრამ ეგ უკვე აღარ გამოგდის მიშა, აღარ“?
იქით კეკელა, აქეთ მარო... თუმცა აწი აღარ გამოვა ისე, რომ ცალკე კეკელაზე იყოს და ცალკე მაროზე. კეკელა და მარო ისტორიაში ერთად შევლენ, მაგრამ ისეც თუ მოხდება, რომ სადმე ცალ-ცალკე შეხვდებით, აუცილებლად მოიკითხეთ, მეგობარიც მოუკითხეთ და რამე ისეთიც უთხარით, ბოლოს ასე რომ მთავრდებოდეს: „...სანამ ლამაზები ხართ“.