რუსეთს ხერსონიდან ჯარების გასაყვანად, მინიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ოლექსეი რეზნიკოვის თქმით, დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ ქალაქსა და მის შემოგარენში ჯერ კიდევ იმყოფებიან რუსული ძალები, დნეპრის სანაპიროზე მათი ევაკუაცია კი იოლი ოპერაცია არ იქნება.
„ჩვენი დაზვერვის მონაცემებით ისინი ჯერ კიდევ რჩებიან ქალაქ ხერსონსა და დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. ხერსონში იმყოფება მათი 40 000-იანი პერსონალი, დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. ამ რაოდენობის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გაყვანა ერთ ან ორ დღეში ვერ მოხერხდება“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოკუპანტთა მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. როგორც რეზნიკოვმა განმარტა, ჰესზე თავდასხმა რუსეთის მხრიდან სრული სიგიჟე იქნება, რადგანაც, კაშხლის აფეთქების შემთხვევაში, საფრთხე პირველ რიგში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე განლაგებულ რუსულ ძალებს შეექმნებათ.