„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა პარტიული თანამდებობისთვის აქტიურ ფაზაში შევიდა. ორ ნაწილად გაყოფილი პარტიის წევრები ერთმანეთს ბრიფინგებით ესუბრებიან და ახლო მომავალში პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნებიც გაიმართება. უკვე ცნობილია, თავად მელია არჩევნებში მონაწილეობას მიიღეს, თუმცა მისი მთავარი ოპონენტი ჯერ არ დასახელებულა.
პარტია, პირობითად, ნიკა მელიას და დავით კეზერაშვილის ჯგუფებადაა გაყოფილი. ენმ-ის ისეთმა ლიდერებმა, როგორიც არიან ხატია დეკანოიძე, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან ხაბეიშვილი, უარი თქვეს საკუთარი კანდიდატურის დასახელებაზე. აღსანიშნავია, რომ პარტიის თავმჯდომარის წინა არჩევნებზე მელიას ოპონენტი ლევან ვარშალომიძე იყო, რომლის კანდიდატურასაც მიხეილ სააკაშილი უჭერდა მხარს.
ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც გაირკვევა ვინ იქნებიან თავმჯდომარეობის კანდიდატები და როდის ჩატარდება შიდა პარტიული არჩევნები. თუმცა, ჯერ უცნობია არჩევნების ფორმა - იქნება ეს ელექტრონული არჩევნები, თუ პარტიის ყრილობა.
ეს პრაქტიკულად შესაძლოა პარტიაში ახალ განხეთქილებას ნიშნავდეს, რომლის შედეგადაც ლიდერთ ერთ ჯგუფს ენმ-დან წასვლა მოუწევს. ამ დაპირისპირებაში დამარცხებული გუნდის წევრებმა შესაძლოა თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება, ან გამარჯვებულმა ჯგუფმა შექმნას პარტიაშ ისეთი ვითარება, რომ წასვლის გარდა მათ სხვა გზა აღარ დარჩებათ.
თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი პარტიაში თუნდაც ფორმალური ერთიანობის შენარჩუნებას უფრო რეალურად მიიჩნევს. მათი შეფასებით, ენმ-სგან გამოყოფილი სხვა ჯგუფების მაგალითზე გამოჩნდა, რომ მა თ დამოუკიდებლად პოლიტიკური მომავალი პრაქტიკულად არ აქვთ. ამიტომაც თავადვე ეცდებიან ერთობის შენარჩუნებას.
ვინ იქნება მელიას მთავარი კონკურენტი
„ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თანაპარტიელი ირაკლი ნადირაძის ბრიფინგს ბრიფინგითვე უპასუხა.
მისივე თქმით, დეტალებზე - როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები - პარტია იმსჯელებს მათ შორის იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც „გააკეთეს ნაჩქარევი განცხადება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, იგი მიესალმება პარტიის თავმჯდომარის ამ განცხადებას. ამასთან, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ თავმჯდომარის ახალი არჩევნების ინიციატივას შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, აჭარის უმაღალესი საბჭოს ოთხი დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები მთელი საქართველოდან - სულ 277 დეპუტატი.
„ახლა ყველა ეს ადამიანი, ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერთან ერთად, ველოდებით რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს პოლიტიკური საბჭოს არჩევნები, რომ რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ არჩევნების თარიღი და გადავწყვიტოთ, რა წესით ჩატარდება არჩევნები. ეს ციფრები, მხარდამჭერები, რაც ჩამოვთვალე, არის მხოლოდ ერთი დღის მონაცემი და რაოდენობა იზრდება საათობრივად. კიდევ მეტად გაიზრდება, რადგან ამ ინიციატივას ემხრობა ბევრი ადამიანი, დღითიდღე გაიზრდება“, - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ ხუთშაბათს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ ბრიფინგზე.
ლევან ხაბეიშვილმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ცვლილებების მომხრეა პარტიის წევრთა 80%, თუმცა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი არ აინტერესებს.
„პარტიის თავმჯდომარეები მიდიან და პარტიის თავმჯდომარეები მოდიან - ამაში არც ტრაგიკულია რამე და არც არანორმალური. პარტიის თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილს არ აინტერესებს, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ მაქვს კონკრეტული პოზიცია“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
თავისი კანდიდატის წამოყენებაზეასევე უარს ამბობენ ხატია დეკანოიძე და პეტრე ცისკარიშვილი.
„მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ადამიანები გამოჩნდებიან. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ამ კანდიდატურების გეგმებზე“, - აცხადებს ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
ამასთან, პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შეთქმულების თეორიებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და კანდიდატის წამოყენებას არ აპირებს.
რა მნიშვნელობა აქვს სააკაშვილი პოზიციას
ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებში რომ არ ჩარეულიყო, დაპირისპირება მაინც იქნებოდა, რადგანაც პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ ჯგუფებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა გაჩაღდებოდა. თუმცა, მისი აზრით, სააკაშვილის დუმილი არ ნიშნავს, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას ნამდვილად აპირებს. ამიტომაც არის, რომ ორივე დაჯგუფება მისი სახელით მანიპულირებს, რადგან იციან, რომ პარტია სააკაშვილის გარეშე საკმაოდ დიდ ელექტორატს დაკარგავს და მისი არსებობაც კი კითხვის ქვეშ დადგება. შესაბამისად, ძაბირაძის აზრით, ამ დაპირისპირებაში ის ჯგუფი იქნება გამარჯვებული, ვისაც სააკაშვილის მხარდაჭერა ექნება.
„პარტიაში გადალაგების პროცესია დაწყებული და ეს მოსლალოდნელიც იყო. კარგია, რომ ეს პროცესი ახლა მიდის და არჩევნებამდე 2 წელია დარჩენილი. პარტიას ჩამოყალიბება მოუწევს. მათთვის უკეთესი ვარიანტი ის იქნება, რომ როცა არჩევნების დრო მოვა, წაგებულმა ჯგუფმა მოგებულის უპირატესობას აღიაროს. პარტია არ გაიყოფა და ყველაზე კარგი შედეგი პარტიისთვის ეს იქნება. უნდა შეძლონ და პოლიტიკური თანაცხოვრება ერთად გააგრძელონ. სხვაგვარად, გაყოფის შემთხვევაში, ორივე ჯგუფი დაზარლდება.
„ჩვენ ვნახეთ როგორ გამოეყო ენმ-ს „ევროპული საქართველო“, „სტარტეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“, თუმცა მათი რეიტინგი რა არის ხომ ვხედავთ. იგივე მოუვა იმ ჯგუფს, რომელიც ენმ-დან წამოვა. ხოლო „ნაციოანლებში“ დარჩენილ გამარჯვებული გუნდი ხმებს დაკარგავს და წასულები ელექტორატის ნაწილს გაიყოლებენ.
„ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, სააკაშვილის მხარდაჭერა ვის ექნება. რომელი ჯგუფი უფრო დაარწმუნებს ელექტორატს, რომ ის მათ მხარეს არის.
„ენმ-ს ყველაზე დიდი პრობლემა 2024 წელს წარმოეშვება, როცა არჩევნები ჩატარდება. ამიტომ არავინ იცის სააკაშვილის ბოლო განცახდება არჩევნების წინ რა იქნება. დარწმუნებული ვარ, თუ მას ჯამრთელობა ხელს შეუწყობს, „ოცნება“ მას ციხეში შემოინახავს. მერე რა განცხადებას გააკეთებს, ეს არავინ იცის. ამიტომ საკმაოდ რთული სიტუაციაა.
„რა მოხდება „ნაციონალებში“, ბევრი რამ ამაზე იქნება დამოკიდებული. თუ უნდათ, რომ პარტია ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციად დარჩეს, ამ ჯგუფებმა ერთად ყოფნა წაგების შემთხვევაშიც უნდა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რა სახის პარტიას მივიღებთ, არავინ იცის“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა იმ დონის კრიზის უდგას, რომელიც არასდროს ჰქონია. საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ, მართალია, 2016 წლიდან პარტიას 3 ჯგუფი გამოეყო, მაგრამ ის არ დაშლილა. თუმცა ახლა სრულიად სხვა რელობა დგას.
„ყველაფერი მაინც სააკაშვილის ბოლო სიტყვაზე იქნება დამოკიდებული. არავინ იცის ის რას იზამს და საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ფაქტი ერთია, რომ ორივე ჯგუფი ცდილობს მის ზურგს ამოეფაროს და ამომრჩეველს სააკაშვილის სიყვარულს უმტკიცებენ.
„პარტიაში არ არის იმ დონის ლიდერები, რომელთაც შესაძლოა სააკაშვილი ჩაანაცვლონ. ამიტომ ყველა მაინც მის გარშემო ტრიალებს. კეზერაშვილმაც კარგად იცის, რომ პარტია სააკაშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ ყველა მისით მანიპულირებას განაგრძობს.
„რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, თუ პარტია გაიყო და სააკაშვილიც ორივე მათგანიდან დისტანცირდა, სიტუაცია საკმაოდ რთული იქნება. თუმცა არ მაქვს მოლოდინი, რომ რომელიმე ახალი პარტია ამ დანაკლის შეავსებს და „ნაცების“ ადგილს დაიკავებს. მაინც მგონია, რომ საერთო ენას გამონახავენ, რადგან უბრალოდ სხვა გზა არა აქვთ“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.