როდესაც  არცოდნაც  ცოდვაა

როდესაც არცოდნაც ცოდვაა

მოწინააღმდეგის უვიცობა ნებისმიერი დაპირისპირებული მხარისათვის დიდი საჩუქარია და ეს უპირველეს ყოვლისა თავად უვიცს აზარალებს. დიდად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ამჟამინდელი საგარეო უწყება, მის წინამორბედ რეგვენთა მსგავსად, კვლავაც განაგრძობს სიბრძნეთა ოპერატიულ ფრქვევას და მოწინააღმდეგის წისქვილზე წყლის სხმას.

აღნიშნულის ნათელი მაგალითია სამინისტროს, 2013 წლის 27 მაისის, განცხადება “რუ-სეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით“.

საგარეოს განცხადება ოფიციალური დოკუმენტია, რომლის პირველ აბზაცში დაფიქსირებულია, რომ “სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ სოფ. დიცისა და სოფ. დვანის ტერიტორიაზე, მავთულხლართების გავლების გამო, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, უპირველესად, საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას“. სავარაუდოა, რომ ამავე შინაარსის საპროტესტო ნოტა ოკუპანტ სახელმწიფოსაც გადაეცა. იქ კი, ამგვარი განცხადების და/ან ნოტის მიღებას საქართველოს მხრიდან აღფრთოვანებით შეხვდებოდნენ, რადგანაც, შესაძლოა “მავთულხლართების” ავანტიურის მიზანი სწორედაც ამგვარი განცხადების და შესაძლოა ნოტის გაკეთების, ან შექმნის პროვოცირება იყო.

კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფაქტების, სამართლებრივი ცნებების, ლოგი-კური დასკვნების აღრევასთან, რასაც საბოლოო ჯამში დაუშვებელ შეცდომებამდე მივყავართ.

რაც შეეხება ფაქტიურ გარემოებათა არასრულ და შესაბამისად არასწორ აღწერას, საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ოკუპანტებმა, ადრე არსებული საოკუპაციო ხაზი 300 მეტრით გადმოწიეს და იქ დაიწყეს მავთულხლართების გაბმა. “საოკუპაციო ხაზის“ გადმოწევის ფაქტი საგარეოს განცხადებაში დაფიქსირებული არ არის. განცხადება ეხება მხოლოდ “საოკუპაციო ხაზის“ გასწვრივ მავთულხლართების გავ-ლებას. ე.ი. პროტესტდება არა თავად რაღაც “საოკუპაციო ხაზის“ არსებობა, არამედ ამ “ხაზის“ გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟება, რაც, განცხადების ავტორთა აზრით, ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს არა მავთულხლართების გავლება, არამედ თავად ოკუპანტების არსებობა საქართველოს, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული, მთელი ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში.

წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ოკუპანტებს რომ მავთულხლართები არ გაევლოთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტის საფუძველი არ ექნებოდა, ვინაიდან ლოგიკურად მიიჩნევდა აბსურდს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელყოფილი არ არის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად იგი მიიჩნევს, რომ არსებობს ცხინვალის რეგიონის რაღაც “საოკუპაციო ხაზი“ მაშინ, როდესაც არავითარი საოკუპაციო ხაზი ბუნებაში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. თუკი იგი არსებობს, ამის თაობაზე სამართლებრივი დოკუმენტი უნდა იყოს შექმნილი. სავარაუდოა, რომ განცხადების ავტორებს მხედველობაში ჰქონდათ ოკუპანტების მიერ მიტაცებული ტერიტორიის მიჯნა, რომელიც გაურკვეველია, თუ ვინ დაადგინა. სავარაუდოა, რომ ამ მიჯნის დადგენის თანაავტორი სახელოვანი, ღრუბელ-ღრუბელ მხოხავი მთავარსრდალი უნდა იყოს.

განცხადების მიხედვით, მავთულხლართის გავლება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპის, უპირველესად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის დარღვევას.

სამწუხაროდ, საერთაშორისო სამართალი არ ცნობს ცალკე აღებულ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არც მისი საზღვრების ურღვევობის პრინციპს“.

შესაძლებელია, საგარეო უწყებაში ასე თვლიან, ან ვაშაკიძემ და კალანდაძემ დაუბარათ, რომ ასეთი პრინციპები არსებობენ, მაგრამ სულ სხვას ადასტურებენ საერთაშორისო ორგანო - გაეროს დოკუმენტები, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და გამოჩენილი მეცნიერები, რომელთა დასაბუთებული მოსაზრებაც სამართლის წყაროებია.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 1970 წ. 24 ოქტომბერს, დაამტკიცა რეზოლუცია N2625 (XXV). რეზოლუციის თანახმად : “ ყოველი სახელმწიფო მოვალეა მის საერთაშორისო ურთიერთობებში თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისაგან, ან ასეთის მუქარისაგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლო-ბის საწინააღმდეგოდ... ტერიტორიის არავითარი დაპყრობა, რაც ძალის გამოყენების ან ასეთი მუქარის შედეგია, არ შეიძლება აღიარებულ იქნას კანონიერად“.

სამწუხაროდ, ეს რეზოლუცია და მის მიერ დაფუძნებული პრინციპი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, შესასრულებლად სავალდებულო არ არის.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლში არ მოიპოვება ნორმები, რომლებიც საქართველოს მიმართებაში რუსეთზე, როგორც დამპყრობ სახელმწიფოზე ვრცელდება. ეს ნორმები საკმაოდ მრავალრიცხოვანია და მხოლოდ მათი სამართლებრივი კომენტარების რაოდენობა ასეულ ათასს აღწევს. ამათგან, მხოლოდ რამდენიმეს, მაგალითად ბროუნლის, კასსეზეს, აუსტის ნაშრომების ზედაპირული გაცნობაც კი საკმარისი იქნებოდა საგარეოს განცხადების სწორად ჩამოყალიბებისათვის.

არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების არცოდნა, ან უგულვებელყოფა ნაცხროვის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო. მათ, უგუნურების გამო, ან საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე, ან ბოროტი განზრახვით განზრახ უშვებდნენ შეცდომებს ისეთ ელემენტალურ საკითხშიც კი, როგორიცაა იმ საერთაშორისო ორგანოს განსაზღვრა, რომლისთვისაც საჩივრით უნდა მიემართათ, რა უნდა ჩაეწერათ ამ საჩივარში და განხილვის რა პროცედურები უნდა დაეცვათ.

2011 წლის 1 აპრილს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს (ICJ)-ის პრეზიდენტმა, მოსამართლე ოვადამ მშვიდობის სასახლეში გამოაცხადა სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საბრალდებო სასამართლო საქმე არ იქნა დაშვებული არსებითად განსახილველად. საქართველოს მხრიდან სარჩელი ეფუძნებოდა რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ამკრძალავი კონვენციის დარღვევებს საქართველოს მიმართებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის არგუმენტი, რომ ხსენებული კონვენციის 22-ე მუხლის თანახმად, ICJ-ში სარჩელის შეტანამდე, საქართველოს არ უცდია კონვენციის დარღვევის თაობაზე დაკავშირებოდა რუსეთს და არც 22-ე მუხლით გათვალისწინებული დავების გადაწყვეტის სხვა საშუალებები გამოეყენებინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ ქართულმა მხარემ შეგნებულად და განზრახ უგულველყო კონვენციის ელემენტარული ნორმების მოთხოვნები იმ მიზნის მისაღწევად, რათა, სასამართლოდან საქმის განხილვაზე უარის მიღებით, საქართველოს მოსახლეობისათვის მიეთითებინა, რომ სარჩელის არგანხილვა მხოლოდ ICJ-ს ბრალია და ხროვა არაფერ შუაშია. შედეგად კი დღეს არც ეს სასამართლო ახსოვს ვინმეს და მილიონობით თანხა, რომელიც ამ სასამართლო საქმის წარსამართავად დაიხარჯა.

მავთულხლართებთან მიმართებაში ატეხილი ხმაურის ფონზე, კვლავ აქტუალური რჩება მთავარი კითხვა - რამ და ვინ შეუწყო ხელი იმ ფაქტს, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს დამპყრობები თელავენ. პასუხის ერთი ასპექტი გადმოცემულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საინფორმაციო ბიულეტენის 2009 წლის 30 სექტემბრის ნომერში, Eurasia Net-ის კორესპონდრნტის მოლი კორსოს სტატიაში, რომელიც, ფაქტების მომპოვებელი ევროკავშირის, დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის დასკვნას ეხება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით.

კერძოდ, სტატიაში დაფიქსირებულია, რომ “მოხსენებაში პირდაპირაა აღნიშნული, რომ მისიის წევრებს მოუწიათ გაეთვალისწინებინათ არა მხოლოდ “დიდი სახელმწიფოს ძალადობრივი პოლიტიკის ზემოქმედება პატარა და დაუმორჩილებელი მეზობლის მიმართ“, არამედ ასევე “პატარა ქვეყნის მიდრეკილება ძალზედ შორს შესული მის შესაძლებლობათა გადამეტებით შეფასებაში და მოქმედებათა განხორციელებაში ცხელ გულზე, საბოლოო შედეგის გაუთვალისწინებლად და იმ საფრთხის მხედველობაში არ მიღებით, რომ პერმანენტულად დაკარგავს მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილებს მცოცავი ანექსიის შედეგად“.

სამუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება კვლავაც შეშფოთება-აღშფოთებით განაგრძობს საქართველოს ანექსირებაზე რეაგირებას. ამის მაგალითია, საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორის საგარეო უწყებაში ამა წლის 30 მაისს, შემდგარი ბრიფინგი. ბრიფინგზე, “გამარჯვებული ხალხის“ ტელეკორესპონდენტის შეკითხვაზე “ღობეებთან“ დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯეინ ფსაკიმ (Jen Psaki) უპასუხა: “ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას იმის გამო, რომ ეს ღობეები საერთაშორისო სამართლის და რუსეთთან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის საწინააღმდეგო ქმედებაა და ჩვენ კვლავაც ერთგულნი ვრჩებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში რუსეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“.

ქ-ნ ფსაკი, რა თქმა უნდა, შეცდა, როდესაც საქართველოს ნაცვლად რუსეთი ახსენა, მაგრამ მან ეს ვერ შეამჩნია და შეცდომა იქვე არ გაასწორა. არც “გამარჯვებული ხალხის“ ტელეარხის კორესპონდენტს უცდია შეცდომის გასწორება, რადგანაც ჩათვალა, რომ ფსაკის არაფერი შეშლია. შეცდომა, მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოასწორა ტექსტის სტენოგრამის გამოქვეყნებისას.

ყოველივე ზემოთთქმულისა და კიდევ უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა მხოლოდ მშვიდობიან მოლაპარაკებათა მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თავად ჩვენს მოწინააღმდეგეებთან მოლაპარაკებათა წარმოება საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტთა საფუძველზე. ამდენად, წარმოიშვება ამ დოკუმენტთა სიღრმისეულად ცოდნის აუცილებლობა, რაც იმთავითვე გამორიცხავს ამ ნორმათა თვითნებურ არასწორ ინტერპრეტაციას. ამგვარი ინტერპრეტაციის დიდოსტატები ნაცხროველები იყვნენ.

არცოდნა არცოდვაა მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც იგი ინდივიდს შეიძლება შეეხოს. სახელმწიფო ორგანოს მიერ შეცდომათა დაშვება საერთაშორისო ნორმების არცოდნის გამო, ხელყოფს ქვეყნის ინტერესებს და აკნინებს მის პრესტიჟს საერთაშორისო ასპარეზზე.

თუკი შესაბამის უწყებას სურვილი ექნება, მას სრული შესაძლებლობა აქვს კომპეტენტური რჩევები მიიღოს ამ საკითხებში შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტებისაგან.