გუანტანამოს უხუცესი პატიმარი თითქმის 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის გარეშე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია Reprieve-ი ავრცელებს.
„ეს დიდი გამარჯვებაა, თუმცა 75 წლის საიფულა პარაჩა თავის ოჯახს სუსტ მოხუცი კაცად უბრუნდება. ეს უსამართლობა ვერასდროს გამოსწორდება“, - წერს ორგანიზაცია Twitter-ის გვერდზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია Reprieve-ი აღნიშნავს, რომ საიფულა წარმატებული ბიზნესმენი იყო, რომელიც ამერიკელებმა ტაილანდიდან გაიტაცეს.
„ის გადაიყვანეს ბაგრამის ავიაბაზაზე, რომელიც ცნობილია დაკავებულთა საშინელი წამებით. ერთი წლის შემდეგ კი ის გუანტანამოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა აშშ-ში პატიმრობის დროს. 2021 წლის მაისში აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტოებმა მის გათავისუფლებას ნება დართეს, მაგრამ მხოლოდ ახლა გაათავისუფლეს“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.