აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი გახარიას სალაპარაკოდ დაუჯდეს, საკუთარ თავს ძალიან დიდი შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს, ეს რომ გააკეთოს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, ყოფილი პრემიერსა და პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას ფეისბუქ-პოსტის შეფასებისას, სადაც პოლიტიკოსი ივანიშვილს „ტვ იმედზე" დებატებში იწვევს და აღნიშნავს, რომ თემები, რაზეც ისაუბრებს, არის პოლიტიკური კორუფცია, ოლიგარქია და საგარეო კურსის ცვლილება.
„ტვ იმედი", როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში - გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, „ქართული ოცნების" ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა", - წერს გახარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
27 ოქტომბერს კი გახარია ტვიტერით გამოეხმაურა აშშ-ის მიერ მოლდოვაში რუსეთის გავლენის აგენტებისა და ოლიგარქების დასანქცირებას.
„დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. ისინი ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, აჩერებენ განვითარებას და კლავენ მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში", - წერდა გახარია.
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, თუ სახელმწიფო აპარატი კორუფციულ გარიგებებში იყო ჩაფლული, წესით გიორგი გახარიას და მის თანაგუნდელებს პროტესტის ნიშნად თანამდებობები მაშინვე უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ მათ ეს გახარიას წასვლამდე არ გააკეთეს. ამასთან ამბობს, რომ ივანიშვილი სადებატოდ არ დაჯდება და ეს განცხადება ფუჭი გასროლაა.
„გახარიას ამ განცხადებას სერიოზულად არ მივიღებდი, ისევე როგორც ქემოკლიძის, მეზვრიშვილისა და დანარჩენების განცხადებებს. როცა გახარია ივანიშვილმა პრემიერად დანიშნა, გარედან მოსულ ადამიანს ყველა სიკეთეები დააყარა. მანამდე არც გახარიას და არც მისი პარტიის წევრებს კლასიკური პოლიტიკოსის გზა არ გაუვლიათ.
„გახარია ერთი ჩვეულებრივი ტექნოკრატი მუშაკი იყო და შემდეგ ამ ჩვენი ტურბულენტური ნედლი დემოკრატიის პირობებში და მოვლენათა მისთვის სასიკეთოდ განვითარების შედეგად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შემოსტყორცნეს. ისევე როგორც თავის დროზე მაგალითად მამუკა ბახტაძე, რომელსაც პოლიტიკოსის ბიოგრაფია ასევე არ ჰქონდა. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა გახარიას პარტიის სხვა წევრებზეც, არც ერთი მათგანი კლასიკური პოლიტიკოსი არაა და თუ მერე გახდებიან, არ ვიცი. მათ გამოსვლებში ერთადერთი „ოცნების" ლანძღვა-კრიტიკაა.
„როცა ისინი „ქართული ოცნების" წყალობით მაღალ თანამდებობებზე მოხვდნენ, ყველა ის პრივილეგია მიიღეს, რასაც ალბათ ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ მიიღებდნენ. მაშინ ივანიშვილი ოლიგარქი არ იყო?! მაშინ კორუფცია არ იყო?! თუ ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო აპარატი კორუფციულ გარიგებებში იყო ჩაფლული, წესით მათ პროტესტის ნიშნად თანამდებობები უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ მათ ეს მანამდე არ გაუკეთებიათ, ვიდრე თავად გახარია იმ ცნობილი გარემოებების გამო არ წავიდა, რომელიც გამოსაკვლევია თუ რეალური მიზეზი რა იყო.
„გახარიას (რომელიც, არ ვიცი, საჯაროდ რა მიზეზების გამო არ ჩნდება) ამ განცხადებას მივიჩნევდი, როგორც მორიგ ფუჭ გასროლას. იგი ოპოზიციონერთა იმ რიგებში ჩაეწერა, რომლებიც თავიანთ მხარდაჭერას რატომღაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებენ. როგორც ვაშაძემ და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა, მანაც აშშ-ში სირბილი და იქ საკუთარი თავის წარმოჩენა დაიწყო, რომ ეგებ ფსონი მასზე დადონ. ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე უფრო სამწუხარო ისაა, რომ პოლიტიკოსები ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად კი არ მუშაობენ, არამედ იმას ცდილობენ, რომ დასავლეთში „კასტინგი" წარმატებით გაიარონ, რომ ეგებ მომავალ არჩევნებზე ფსონი მათზე დაიდოს.
„მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი გახარიას სალაპარაკოდ დაუჯდეს, საკუთარ თავს ძალიან დიდი შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს, ეს რომ გააკეთოს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".