გასული კვირა თემების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად მაინც საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მრავალჯერადი ცვლილება იქცა. გასული კვირის დასაწყისში გააკეთა განცხადება პარტიის დატოვების თაობაზე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა. კვირის ბოლოს კი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის ურეკის რეზიდენციაში შეხვდა.
მოულოდნელი შეიქმნა გასული კვირის დასაწყისში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კოკი იონათამიშვილის განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ, რომელიც მან საზოგადოებას „ფეისბუკის“ საკუთარი გვერდიდან აცნობა. პარტიიდან წასვლის მიზეზად მან, არც მეტი და არც ნაკლები, უკანასკნელ პერიოდში პარტიის სისუსტე დაასახელა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ წარმოადგენს უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლის ინსტრუმენტს. მისივე თქმით, პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან დაშვებულმა სავალალო შეცდომებმა აბსოლუტურად შეუძლებელი გახადა ზოგადი თუ კონკრეტული ამოცანების მიღწევისათვის პარტიული პლატფორმის გამოყენება.
თბილისის მერის გიგი უგულავას თქმით, კოკი იონათამიშვილის საქციელი მწყრალად არის როგორც მორალთან, ასევე კოლეგიალობასთან. "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი, დარწმუნებულია, რომ იონათამიშვილის გადაწყვეტილება დიდწილად განაპირობა იმ პოლიტიკურმა და ადმინისტრაციულმა წნეხმა, რომელშიც ბოლო დროს "ნაციონალური მოძრაობა" მოექცა:
"ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალებებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით, იქმნება სრულიად 100%-იანი დანაშაულებრივი ორგანიზაციის იმიჯი და ამას ვერ გაუძლო იონათამიშვილმა. ის საკითხი, რაზეც ლაპარაკობს, უნდა დაეყენებინა პარტიულ შეკრებაზე".
კოკი იონათამიშვილის პარტიიდან წასვლას იმავე დღეს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. და არა მხოლოდ გამოეხმაურა, მეტიც, მათ კოკი იონათამიშვილის ერთი წერილი გაასაჯაროვეს, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტს მისწერა და სადაც ნაციონალური მოძრაობის აწ უკვე ყოფილი წევრი პრეზიდენტს დახმარებას სთხოვდა, კერძოდ, დახმარებას – საკუთარი ბიზნესის წილის გაყიდვაში. ეპისტოლარული პაექრობა ამით არ დასრულებულა. კოკი იონათამიშვილმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად ღიად და სულ სხვა შინაარსის წერილი მისწერა: საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის წერილი, სათაურით „ამაზრზენი ხარ, მიშა!“- სამშაბათის ქართული პრესის ჰედლაინად იქცა.
პირველ ივლისს გახდა ცნობილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღიც. თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა. ჯერ იყო და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი გამოცხადდა. რამდენიმე საათში 27 ოქტომბერი 31 ოქტომბრით ჩანაცვლდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბოდიშიც კი მოიხადა „ტექნიკური შეცდომისთვის“. მოკლედ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულებას იმავე დღეს მოაწერა ხელი. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი ორ დღეში კვლავაც შეიცვალა და ისევ პირველ მაჩვენებელს 27 ოქტომბერს დაუბრუნდა. ამ ორ დღეში კი აი რა მოხდა:
31 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ეს კვირის სამუშაო დღეა. „საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა ხუთშაბათს არჩევნების დანიშვნა კანონდარღვევად შეაფასა.
აღასანიშნავია, რომ გასული საპარლამენტო არჩევნებიც კვირის სამუშაო დღეს ჩატარდა, რასაც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ. ანალოგიურად ფიქრობდნენ ახლაც და ამბობენ, რომ სამუშაო დღის გამო ისინი საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ მოახერხებენ.
რაც შეეხება თავად საპრეზიდენტო არჩევნების დღედ ოქტომბრის ბოლო დღის შერჩევას, მაგალითად, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში მიუთითებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს საპრეზიდენტო პოსტზე იყოს ბოლო დღემდე, რაც ძალაუფლებისადმი მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ლაგაზიძის ვარაუდით, პრეზიდენტს სურს დაესწროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტს, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება:
„თუ იქ მიიღება საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები, ის ამას ჩაითვლი სთავისი კარიერის ბოლო გამარჯვებად, ხოლო თუ გადაწყვეტილება არ იქნება ჩვენთვის სასარგებლო, ის შეეცდება ამ შემთხვევაშიც წავიდეს როგორც ტრიუმფატორი, მისი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, რომ აი, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო და ვერ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენთვის სანუკვარი ევროკავშირისკენ და მასთან დაახლოებისკენ. და ის, როგორც ეს მის სტილშია, ეცდება მოგებიდანაც და წაგებიდანაც გამარჯვებული გამოვიდეს“.
ამ განცხადებებიდან ორი დღის თავზე, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად კვლავ 27 ოქტომბერი გამოცხადდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც 3 ივლისს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა: „მე ჩვენი შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე პრეზიდენტს და გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც საზოგადოებას სურს და არჩევნები დაინიშნება 27 ოქტომბერს, კვირას“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
გასული კვირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა პრემიერ-მინისტრის ტრადიციად ქცეული, ამჯერად რიგით მერვე პრესკონფერენია, რომელიც 3 ივლისს გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალაში რჩება პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ახალი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ეკონომიკისთვის მესამე წელიწადი - ”კარგი”, ხოლო მეოთხე წელიწადი ”ძალიან კარგი” იქნება. მართალია, პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იგულისხმება ”ძალიან კარგ” მდგომარეობაში, მაგრამ მან განაცხადა, რომ პროცესი მიმდინარეობს და რომ, მომავალ 6 თვეში ქვეყანაში დაპირებულზე ბევრად მეტი საწარმო დაფინანსდება.
რაც შეეხება ურთიერთობებს რუსეთთან, მათ დალაგებას პრემიერ-მინისტრი სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძველებურად მიზანმიმართულად მიიწევს ნატოსკენ. მისი თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დრო ვერ შეცვლის, რადგანაც ეს არა რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მართალია, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ მავთულხლართების გავლება მეტად შემაშფოთებელია, მაგრამ პანიკას არ უნდა ავყვეთ და პრობლემა დიპლომატიური, მშვიდობიანი გზებით უნდა გადავჭრათ. შეკითხვაზე, ხომ არ გადაიხედება ურთიერთობების გეგმები რუსეთთან, ბიძინა ივანიშვილს უარყოფითი პასუხი აქვს:
”სხვათა შორის, არაფერი პრინციპული არ გაგვიკეთებია, რომ გადავხედოთ, გარდა იმისა, რომ დიპლომატიურად ვიქცევით და ძალიან ვფრთხილობთ ჩვენს გამონათქვამებში. არაფერი გადასახედი არ არის, ყველაფერიკ არგად იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ და დავალაგებთ...”
3 ივლისის პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაისვა საერთაშორისო თანამეგობრობის გარკვეული ნაწილის მიერ გამოთქმულ ეჭვებზეც, რაც საქართველოში ყოფილი თანამდებობის პირთა დაკავებას უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილს ასეთი ეჭვების არსებობა არ უკვირს და მიაჩნია, რომ, შესაბამისი განმარტებების შედეგად, ასეთი ეჭვები თანდათან გაქრება.
პრესკონფერენციაზე დასმულ სხვა კიდევ არაერთ მნიშვნელოვან აქცენტს შორის იყო რელიგიური ექსტრემიზმის თემაც. ამ საფრთხის წინააღმდეგ ასამოქმედებელ ერთადერთ ქმედით იარაღად პრემიერ-მინისტრი კანონის უზენაესობას მიიჩნევს და განმარტავს, რომ თუკი, მაგალითად, სამთაწყაროს მოსახლეობა ადგილობრივ მუსლიმანებს ლოცვას ისევ აუკრძალავს, მათ კანონი დაუპირისპირდება.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში დიდი ოდენობით უკანონო შემოწირულების მიღების საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ კვირაში კიდევ ერთხელ წამოსწია. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ 2012 წელს სოციალური მომსახურების სააგენტომ დასაქმების პროგრამის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულება 21 ათასზე მეტ პირს დაუდო, რომლებიც პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდნენ. აუდიტის სამსახურის ანგარიში შესასწავლად უკან, პროკურატურაში, დაბრუნდა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2012 წელს, აღნიშნულ პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა და რომელიც ვანო მერაბიშვილთან ერთად კორუფციული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობისთვის მაისში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
„საქმე, რომელზეც ვანო მერაბიშვილი და მე ვართ ბრალდებულები, სასამართლოში სწორედ ახლა იხილება. ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, როდესაც მათ ჰქონდათ საშუალება გამოძიების ეტაპზევე მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიეწოდებინათ პროკურატურისათვის, დღეს ჩემ მიერ აღქმულია როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევა, რაც არღვევს ვანო მერაბიშვილისა და ჩემს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს და აგრეთვე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომელიც სწორედ თავისუფალი სასამართლოთი სარგებლობის უფლებასშ ეეხება. ამიტომაც მე ამ განცხადებას პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად და ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად აღვიქვამ“.
გასული სამუშაო კვირის ბოლო დღეს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი პროექტი ეხება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობათა დაკავების უფლებას. არსებული რედაქციით, აღნიშნული თანამდებობები არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეც არის. მეორე ცვლილების პროექტი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის გადაჭარბებული უფლებამოსილების შეზღუდვასა და პარლამენტის კონტროლის გაძლიერებას მთავრობის შემადგენლობაში ცვლილების განხორციელებაზე. კიდევ ერთი საკონოსტიტუციო ცვლილების მიხედვით, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისათვის საჭირო კვორუმი უნდა შემცირდეს პარლამენტის შემადგენლობის სამი მეოთხედიდან ორ მესამედამდე.
საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ ცვლილებები შევა კონსტიტუციაში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, კონსტიტუცია წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო და მისი შინაარსი მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურით იყო განსაზღვრული:
„ამან კონსტიტუცია სერიოზულად დააზარალა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ განვაცხადეთ, რომ განხორციელდება საქართველოში ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა“.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაგრძელდა საუბარი, თუმცა ამჯერად უკვე სამთავრობო დონეზე ურეკში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში. შეხვედრას სულ სამი მონაწილე ჰყავდა თავად პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. ისინი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხზე შეთანხმდნენ. დავით ბაქრაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში შეიქმნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, სადაც წარმოდგენილი იქნება "ნაციონალური მოძრაობაც", როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა, ასევე სხვა პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. მისი მიზანი იქნება ყოველგვარი სიჩქარისა და ფორსირების გარეშე, შეიმუშაოს კონსტიტუციის ის მოდელი, რომელიც საქართველოსთვის 10 -15 წლის განმავლობაში იქნება ოპტიმალური.