ილონ მასკის კავშირგაბმულობის თანამგზავრული სისტემა Starlink-ი მთელ დედამიწას იპყრობს, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, რადგან ჩვენს პლანეტაზე აღარ დარჩება ადგილი, საიდანაც მობილური სატელეფონო კავშირისა თუ ინტერნეტკავშირის დამყარება შეუძლებელი იქნება.
ღამისეულ ქართულ ცაში ხშირად მომზირალნი რამდენჯერმე გახდნენ იმის თვითმხილველნი, თუ როგორ მოძრაობდნენ წერტილების მწკრივები, რაც ბევრმა უკრაინის ომს დაუკავშირა - რუსების გაშვებული რაკეტებიაო...
ეს, რა თქმა უნდა, შორს იყო სინამდვილისგან, თუმცა უკრაინაში ომთან მაინც ჰქონდა პირდაპირი კავშირი, რადგან ისინი ილონ მასკის SpaceX კომპანიის მიერ გაშვებული Starlink-ის ტიპის მინითანამგზავრები იყვნენ, რომელთა დახმარებითაც უკრაინელი სამხედროები უზუსტეს საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებს აყენებენ მათ მიწაზე შეჭრილ რუს ოკუპანტებს.
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან ორიოდე დღეში ილონ მასკმა უკრაინელებს თანადგომა გამოუცხადა და მას შემდეგ უკრაინის არმიას 15 ათასზე მეტი Starlink-ის ტერმინალი გაუგზავნა, რომელთა მომსახურების თანხის დიდ ნაწილსაც თავად მასკის კომპანია იხდის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის წინ ილონმა საჯაროდ წაიბუზღუნა, სხვებიც შემომეკედლეთ ამ ათეულობით მილიონის ყოველთვიურ გადახდაშიო...
Starlink-ის კავშირგაბმულობის თანამგზავრული სისტემა უზრუნველყოფს უკრაინის არმიის საბრძოლო დანაყოფებსა და თვით ცალკეულ მებრძოლებს შორის დახურულ რადიოკავშირს და ამასთან, მათ ზუსტი დარტყმების განხორცილების საშუალებას აძლევს, რაც კრემლის გაცოფებას იწვევს.
რუსმა სამხედროებმა რამდენჯერმე სცადეს რადიოელექტრონული ბრძოლის მძლავრი კომპლექსების გამოყენებით ილონ მასკის მიერ უკრაინელებისთვის დათმობილი Starlink-ის მუშაობის მთლიანად ჩახშობა, თუმცა მხოლოდ დროებით შეფერხება თუ შეძლეს, რის შემდეგაც მასკის სპეციალისტებმა სისტემა გადატვირთეს, ახალი კოდები დაამატეს და უფრო დაცული გახადეს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის გენერალიტეტს არ გამოუვიდა უკრაინის არმიისთვის Starlink-ის სისტემის განადგურება, ბრძოლაში კიდევ უფრო "მძიმე არტილერია" – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, არც მეტი და არც ნაკლები, ყველას გასაგონად განაცხადა - რუსეთი ჩამოაგდებს ყველა იმ სამოქალაქო თანამგზავრს, მათ შორის - მასკის Starlink-ებსაც, თუკი მათ გამოყენებას გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალებიო...
მაგრამ შეუძლია კი რუსეთს ამ დამუქრების ასრულება?
რუსეთის ანტისარაკეტო თავდაცვის განკარგულებაშია რამდენიმე ათეული ანტირაკეტა, რომლებსაც შეუძლიათ, მისწვდნენ ახლო კოსმოსში, მაგალითად, 500 კმ სიმაღლემდე ორბიტაზე მფრენ მასკის Starlink-ის ხელოვნურ თანამგზავრებს, მაგრამ რას მიაღწევს ამით კრემლი?
2022 წლის 5 ოქტომბრის მონაცემებით, მასკის SpaceX კომპანიას Falcon 9 ტიპის რაკეტა-მატარებლებით დედამიწის ორბიტაზე უკვე გაყვანილი ჰყავს 3 449 თანამგზავრი, რომელთაგან სამუშაო რეჟიმში რჩება 3 145 მათგანი და რუსეთს არავითარი ანტირაკეტები არ ეყოფა მათი მეათედი ნაწილის ჩამოსაგდებადაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკელების იმ დაუყოვნებელ სასტიკ პასუხზე, რასაც რუსები დედამიწის ორბიტაზე სამოქალაქო თანამგზავრების აფეთქებების გამო მიიღებენ...
პ.ს.
დედამიწაზე მხოლოდ ცხრა ქვეყანა რჩება, სადაც, პოლიტიკური მიზეზების გამო, ილონ მასკის Starlink-ი არ იმუშავებს და ამ სიაში რუსეთის გვერდით დგანან ირანი, ვენესუელა, სირია, ავღანეთი, ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი...