მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებების დაწყებას ცდილობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაბამისი გზავნილი ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში მოსკოვიდან ჩასულმა გვინეა-ბისაუს ლიდერმა გადასცა.
„რუსეთში ვიყავი, შევხვდი პრეზიდენტ პუტინს, რომელმაც მთხოვა გადმომეცა, რომ ის პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის“, - განაცხადა გვინეა-ბისაუს პრეზიდენტმა უმარო სისოკუ ემბალომ უკრაინელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე.
ზელენსკიმ ამ შეთავაზების კომენტირებისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებებამდე რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურის დაბომბვა უნდა შეწყვიტოს.
„ჩემმა გვინეა-ბისაუელმა კოლეგამ გადმომცა, რომ პუტინს დიალოგისთვის არხების დამყარება სურს. მაგრამ იმისთვის ასეთი არხები გაჩნდეს, ერთი სახელმწიფო მეორეს ინფრასტრუქტურას არ უნდა ბომბავდეს. პუტინ საუბრობს ურთიერთობების განბლოკვაზე. მეც ასევე ვამბობ - საჭიროა ურთიერთობების განბლოკვა. მაგრამ მაშინ მოდით ჩვენი შავი ზღვის განბლოკვით დავიწყოთ. დიალოგისთვის აუცილებელია ერთი სახელმწიფო პატივს სცემდეს მეორე სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საზღვრებს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები დიალოგის აუცილებლობაზე სხვა არაფერია, ვიდრე დაგეგმილი რიტორიკა, რომელმაც უნდა იმუშაოს მის შიდა აუდიტორიაზე და იმ სახელმწიფოების აუდიტორიაზე, რომლებმაც ჯერ არ მოუხდენიათ რუსეთის იზოლაცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.