ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის დაუსაბუთებელი მტკიცება, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს, ცრუ მტკიცებაა და კრემლმა ის ომის ესკალაციის საბაბად არ უნდა გამოიყენოს.
„რუსეთი ახლა ცრუ მტკიცებას ავრცელებს, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე რადიოლოგიური ბინძური ბომბის გამოსაყენებლად ემზადება. ნატოს მოკავშირეები უარყოფენ ამ აშკარად ცრუ ბრალდებას. რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რის გაკეთებასაც თავად აპირებს. რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ცრუ საბაბი შემდგომი ესკალაციისთვის“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
„უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა იცის, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია. მათ [რუსებმა] ასევე იციან, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.