ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ერთ სუბიექტს შეუძლია, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და არა უკრაინას

ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ერთ სუბიექტს შეუძლია, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და არა უკრაინას

„ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ერთ სუბიექტს შეუძლია, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და არა უკრაინას“, - ამ განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვის მხრიდან გავრცელებულ ბრალდებას უპასუხა. ღამის ტრადიციული მიმართვისას, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას გამოეხმაურა.

„როცა რუსეთის თვადაცვის მინისტრი სატელეფონო კარუსელს აწყობს და მინისტრებს ბინძური ბომბის შესახებ უყვება, ყველას ყველაფერი კარგად ესმის, ყველა ხვდება, სად იღებს სათავეს ამ ომში ყველაზე ბინძური ქმედებები. სწორედ რუსეთმა მოაწყო რადიაციული კატასტროფის შანტაჟი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე; ეს არის რუსული რაკეტების ტრაექტორია. კერძოდ, უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე. სწორედ რუსმა სამხედროებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, აგრეგატები და ახდენენ აფეთქების შანტაჟს; ეს არის რუსეთი, რომელიც იყენებს ფოსფორის საბრძოლო მასალებს, აკრძალულ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებსა და იარაღების სრულ სპექტრს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინა ყოველთვის აღდგენისკენაა მიმართული, ყოველთვის ცხოვრებისკენ არის და თუ ვინმეს შეუძლია, გამოიყენოს ატომური იარაღი ევროპის ჩვენს ნაწილში, მაშინ ეს მხოლოდ ერთი სუბიექტია – და ამ სუბიექტმა უბრძანა ამხანაგ შოიგუს, სადმე დაერეკა. თუ რუსეთი რეკავს ტელეფონზე და ამბობს, თითქოს, უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთს: რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი““, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ღამის ტრადიციული მიმართვისას, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინა ბინძური ბომბის გამოყენებისთვის მზადებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატალეფონო საუბრისას განაცხადა.