გთხოვთ, იცნობდეთ!
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – ბატონი კონსტანტინე (კოტე) კუბლაშვილი!
ბატონი კოტე კუბლაშვილი, როგორც წარსულში უაღრესად მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნება – თვალახვეული თემიდის მიუკერძოებელი, პატიოსანი მსახური.
ბატონ კოტე კუბლაშვილს არ გაუპროტესტებია სანდრო გირგვლიანის წამების საქმე. მას არ გაუპროტესტებია ის, რომ სწორედ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს, მათ ნათესავებს და ახლობლებს დაევალათ დანაშაულის “გამოძიება”. მას არ გაუპროტესტებია დამნაშავე პირების ვადამდე ადრე განთავისუფლება. მას არ გაუპროტესტებია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აზრადაც არ მოუვიდა შეესრულებინა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს დადგენილება და გამოესწორებინა გირგვლიანის საქმის ხარვეზები, კერძოდ, კი თავიდან ჩაეტარებინა გამოძიება.
ბატონ კოტე კუბლაშვილს ქუჩაში ძალოვნების მიერ მოკლული 70-მდე ახლაგაზრდის სიკვდილის ფაქტიდან არცერთი არ გაუპროტესტებია! არ დაბადებია ეჭვი, რომ ამდენი ადამიანის ადგილზე ლიკვიდაცია სამართლის ასრულებას კი არ უკავშირდებოდა, არამედ ქვეყანაში ტერორის დათესვის სურვილს!
ბატონ კოტე კუბლაშვილს არ მოსვლია აზრად, გაეპროტესტებინა 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მიტინგის დარბევა! დარბევის დროს უკანონო საშუალებების – რეზინის და პლასტმასის ტყვიების გამოყენება! არ გაუპროტესტებია იმავე დღეს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „იმედში“ სპეცნაზის შევარდნა, ჟურნალისტების დამცირება, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა! არ გაუპროტესტებია ტელეკომპანიების – „იმედის“ და „კავკასიის“ უკანონო დახურვა.
ბატონ კოტე კუბლაშვილს არ გაუპროტესტებია საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც პრეზიდენტმა ერთპიროვნულად მიიღო საომარი მოქმედების დაწყების გადაწყვეტილება.
ბატონ კოტე კუბლაშვილს არ გაუპროტესტებია 2009 წლის მიტინგების დროს ოპოზიციის წევრთა მასიური დაშინების მიზანმიმართული კამპანია, ზონდერების გამოყენება, დარბევები, დაჭერები, სასტიკი გასწორება და ძალის გადაჭარბებული გამოყენება 6 მაისს და 15 ივნისს, სამსახურიდან განთავისუფლებები პოლიტიკური ნიშნის მიხედვით!
ბატონ კოტე კუბლაშვილს არ გაუპროტესტებია 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ბართლომეს ღამე, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ მათი ალყაში მოქცევით და გადაჭარბებული ძალის გამოყენებით მასიური ტერორის სადამსჯელო ოპერაცია ჩატარდა!
ბატონ კოტე კუბლაშვილს არასოდეს გაუპროტესტებია ბიზნესის დატერორების ის არნახული კამპანია, რასაც უკვე თავად ნაცმოძრაობის ლიდერებიც აღიარებენ, როგორც „გადაცდომებს“. ბატონ კუბლაშვილს არასოდეს შეპარვია ეჭვი, რატომ უფორმებდა ათასობით მოქალაქე თავიანთ პირად ქონებას – სახელმწიფოს!
ბატონ კოტე კუბლაშვილს არასოდეს შეპარვია ეჭვი (აღარაფერს ვამბობ პროტესტზე!) რატომ იყო საქართველოს სასამართლო სისტემაში ასეთი სანთლით საძებარი ბრალდებულის გამართლების შემთხვევები, როცა მხოლოდ 0.04%-ში დგებოდა გამამართლებელი განაჩენი! მას არასოდეს მოსვლია აზრად, სასამართლოს პოპულარობა ამ სასამართლოს კედლებში მოსული ბრალდებულთა დაშინებული ნათესავების ღია გამოკითხვით კი არა, არამედ – ანონიმურად გამოეკვლია! მას სჯეროდა თავის მიერ მართული სასამართლოს უმწიკვლოების! და უხაროდა, როცა ამ უმწიკვლოების დამადასტურებელ გამოკითხვებს ატარებდა და აფორმებდა!
ბატონ კოტე კუბლაშვილს არასოდეს გაუპროტესტებია ის, როგორ იქცა გარკვეული მოსამართლეებისათვის დაცვის მხარის მტკიცებულებები აბსოლუტურად არგაზიარებად და უსარგებლო მასალებად, ხოლო ზოგიერთი ადვოკატისათვის – საპროცესო გარიგებაზე ბრალდებულის დათანხმება მათი კარიერის და სახელმწიფოს მხრიდან მოწონების/აღმსავლის 100%-იან მეთოდად.
ბატონ კოტე კუბლაშვილს არასოდეს მოუნდომებია გაცნობოდა ისეთ ხმაურიან საქმეებს, როგორიც იყო სულხან მოლაშვილის წამების საქმე, რუსთავი2-ის “ვარსკვლავების აკადემიის” შენობის ჩამონგრევის საქმე, თანაკლასელის 30-ჯერ დაჭრისათვის გასამართლებული 14 წლის გვანცა ყუფარაძის საქმე, ორი ფიცრის ქურდობისათვის დაპატიმრებული 65 წლის პენსიონერი დევნილის ვალერაინ ჭილაშვილის საქმე, მერაბ რატიშვილის საქმე, მუხროვანის ამბოხის, როინ შავაძის, ენვერის, კოჭოიას საქმეები… იმ საქმითაც კი არ დაინტერესებულა, როცა ვითომ მკვლელი სასჯელს იხდიდა, ხოლო ვითომ მოკლული არხეინად დასეირნობდა…
არ ეცალა ხალხო, ბატონ კოტე კუბლაშვილს პროტესტებისათვის!
არ შეეძლო მის ფაქიზ სულს ამდენ სიბინძურეში ქექვა!
და ხომ წარმოგიდგენიათ, რომ ის არც ამ საშინელი წამების, სასტიკი და არადამიანური მოპყრობის ფაქტებს გააპროტესტებს! ან კი როგორ გააპროტესტებს, როცა მისი ფაქიზი სული, ისევ და ისევ, ვერ აიტანს, რომ ასეთი საშინელებები ნახოს და გაეცნოს! მას ისიც კი ზარავს, რომ სხვები ნახულობენ, სხვები ეცნობიან და სხვები აპროტესტებენ!.. მისი აზრით, ეს დაუშვებელია! როგორ შეიძლება წამებას და ადამიანის გაუპატიურებას უყურო?! ამაზე საერთოდ როგორ შეიძლება ლაპარაკი და გაპროტესტება?!!!
ბატონ კოტე კუბლაშვილს ყოველთვის უყვარდა მიხეილ სააკაშვილი, და თავისი სასიქადულო პარტია, რომლებიც მას უზარმაზარ ხელფასს უხდიდნენ, და დამატებით მკურნალობის ფულსაც უხდიდნენ! მას უყვარდა მისი ძმა, პავლე (პალიკო) კუბლაშვილი, რომელიც მას მუდამ ზურგს უმაგრებდა თავისი კომიტეტით, და თავისი მოადგილე, ზაზა მეიშვილი, რომელიც ყველაზე ბინძურ საქმეებიდან ხელის დაბანის შანსს აძლევდა თავის უფროსს.
მაგრამ რას იზამ!.. ისეთი ფაქიზი სულის პატრონს და ისეთ სუფთა ადამიანსაც კი… ისეთ არაპროტესტანტ ბუნებასაც კი, როგორიც ბატონ კოტეს ფაქტურაშია ჩამონტაჟებული, ხანდახან უწევს ხმის ამაღლება და გაპროტესტება!!!
და აი, როდესაც მკვლეობაში და ადამიანის სკამის ფეხით ჯგუფურ გაუპატიურებაში ბრალდებული ყოფილი პოლიციის უფროსი და მისი დამქაშები ახალციხის მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ჯეირანებივით უმწიკვლო და სათნო ქმნილებებად შერაცხა და დარბაზიდან ციმციმ გაანთავისუფლა… არა, არც იფიქროთ, ეს გააპროტესტა კოტე კუბლაშვილმა!!! მანამდე არაფერი გვეტკინოს, მაგან მისი ერთგული ტურის ტყავი არ დახიოს… აი, როცა ამით აღშფოთებულმა ხალხმა ახალციხის სასამართლოს შენობას პომიდორები და კვერცხები დაუშინეს, და როცა კუბლაშვილის მიშკურთხეული სასამართლოს (არა შენობის, არამედ სისტემის!) მინა ჩაიმსხვრა და ერთი დაცვის ერთი წევრი დაშავდა, აიიიიიიი, მაშინ აბობოქრდა, თუ აბობოქრდა კოტე კუბლაშვილი და ყველამ ვნახეთ რა საზარელია [რეჟიმის მორჩილი] ცხვრის გაცხარება! – როგორც ვეზუვი და როგორც კრაკატაუ, ისე გვრგინავდა თემიდის გამეხებული მსახური და მოითხოვდა შელახული და შერყვნილი სამართლის და სამართლიანობის აღდგენას!
დიახ, ბატონებო და ქალბატონებო – 1 ოქტომბრის შემდეგ ნირვანიდან გამოსულმა კოტე კუბლაშვილმა უკვე მერამდენედ გამოთქვა პროტესტი! მისი პროტესტი არის ყოველთვის მიზანდასახული და მრისხანე – როცა მის სისტემას, მის უზენაეს სასამართლოს, მის ერთგულ მოსამართლეებს, მის იუსტიციის საბჭოს, მის პარტიას, მის პრეზიდენტს, ანუ მის მაფიას (!) და ამ მაფიის გადაწყვეტილებებს ვინმე უტევს, მაშინ კოტე კუბლაშვილის არის ისეთი დაუნდობელი, როგორც არასოდეს!
რადგან კარგად იცის, რომ მისი საკუთარი ტყავი, ისევე როგორც მისი თანამზრახველების ტყავი, მისი ძმის ტყავი, არის ყველაზე მტკივნეული, რისი შელახვაც მას საშინლად ეტკინება!
ამას კი კოტე კუბლაშვილი არაფრისდიდებით არ დაუშვებს!
ახლა ხომ აშკარა გახდა, ვისი და რისი მსახურია – კოტე კუბლაშვილი!
თემიდა არაა… – კვატი!